ქართული ფინალი - გვილია და გაგნიძე პოლონეთის თასის ჩემპიონები გახდნენ
ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის „რაკოვი“ პოლონეთის თასის გამარჯვებული გახდა. ქართველების გუნდმა ფინალში პოზნანის „ლეხი“ დაამარცხა, რომელშიც კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი თამაშობს.
ანგარიში მე-6 წუთზე „რაკოვმა“ გუტკოვსკის გოლით გახსნა, 36-ე წუთზე კი ვდოვიაკმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა.
„ლეხმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო. თავი ამარალმა გამოიჩინა, 76-ე წუთზე კი ივი ლოპეზმა პოზნანელების კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
სამწუხაროდ, საფინალო მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ ლუკა გაგნიძეს და ვაკო გვილიას. გვილიამ მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ლუკა გაგნიძე კი მთავარმა მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა. რაც შეეხება კვეკვესკირს, 28 წლის ნახევარმცველი თამაშში 84-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი უკვე 1:3-ს მარცხდებოდა და მოედანზე 10 წუთამდე გაატარა.