სოლერი ბარსას უახლოვდება - 20 მილიონი ვალენსიას ლიდერის სანაცვლოდ
„ბარსელონა“ „ვალენსიას“ ერთ-ერთი ლიდერის, კარლოს სოლერის შეძენას აპირებს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, AS-ი ავრცელებს და წერს, რომ ესპანელს ფრენკი დე იონგის შემცვლელად განიხილავენ.
AS-ის ცნობით, კატალონიურმა კლუბმა 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი უკვე შეათანხმა და „ღამურებს“ 20 მილიონ ევროს გადაუხდის. პირად კონტრაქტს რაც შეეხება, ფეხბურთელისა და „ბარსას“ წარმომადგენლებმა ამ საკითხზე საერთო ენა უკვე გამონახეს. სოლერს „ჩესთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და „ბარსელონა“ მისი იჯარის წესით გადაყვანასაც განიხილავდა, მაგრამ ტრანსფერის გაჩარხვა გადაწყვიტა.
AS-ის ინფორმაციას Sport-იც ადასტურებს და აცხადებს, რომ მხარეებს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა. სოლერს „კამპ ნოუზე“ გადასვლის დიდი სურვილი აქვს და მაღალია ალბათობა, რომ ზაფხულში „ბლაუგრანას“ რიგებში გადავიდეს. ჩავი ამ ტრანსფერს არ ეწინააღმდეგება და კლუბის ხელმძღვანელებთან საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
ფრენკი დე იონგს რაც შეეხება, „ბარსელონაში“ თვლიან, რომ ნიდერლანდელ ფეხბურთელს ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები არ აქვს და მის შენარჩუნებას არ აპირებენ. „ბარსა“ დე იონგის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს და მისით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბაიერნი“ ინტერესდებიან.