ზარანდიას საგოლე პასი - კორონას დრამატული გამარჯვება
პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში კელცეს ''კორონამ'' შინ პოლკოვიცეს ''გურნიკი'' 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გაიტანეს, ცვლილებაზე გამოსულმა ლუკა ზარანდიამ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მისი ჩაწოდების შემდეგ დარიუშ შპაკოვსკიმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
18-გუნდიან ჩემპიონატში კელცეს ''კორონა'' 55 ქულით მე-4 ადგილზეა, მესამეადგილოსან ვიძევის ''ლოძს'' 1 ქულით ჩამორჩება, მეორე საფეხურზე მყოფ ''არკას'' კი - 2 ქულით.
პირველ და მეორე ადგილზე გასული კლუბები ექსტრაკლასაში აღზევდებიან, ხოლო ვინც მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პოზიციას დაიკავებს, ფლეი-ოფის გზით ეცდება ელიტაში გადასვლას.
ბელგიაში გატარებული წარუმატებელი წლების შემდეგ 26 წლის ზარანდია პოლონეთში დაბრუნდა, ''კორონას'' რიგებში 4 მატჩი ჩაატარა, 1 საგოლე პასი შეასრულა.
ზარანდიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი გდინიას ''არკაში'' გაატარა (2017-19), შემდეგ კი მილიონი ევროს სანაცვლოდ ბელგიურ ''ზულტე ვარეგემში'' გადაბარგდა, თუმცა მთავარ მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა, შემდეგ კი მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის წელიწადნახევარი გაუცდა. გარდა ამისა, გასულ ზაფხულში კორონავირუსი მძიმე ფორმაში გადაიტანა.