იანისის სამმაგი დუბლი - მილოუკიმ სერია გამარჯვებით დაიწყო
NBA-ში, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო „მილოუკ ბაქსმა“. პლეი-ოფის სერიის პირველი მატჩი „ბოსტონ სელტიკსმა“ საკუთარ მოედანზე გამართა და მილოუკთან 12 ქულის სხვაობით, 89:101 დამარცხდა.
დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეული იყო სტუმართა ლიდერი, იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც მატჩი სამმაგი დუბლით დაასრულა. 27 წლის კალათბურთელმა მოედანზე გატერებულ 37 წუთსა და 47 წამში 24 ქულა, 13 მოხსნა (3 შეტევაში), 12 ასისტი და 2 დაფარება მოაგროვა. ქულების მხრივ, მილოუკიდან საუკეთესო მაჩვენებელი კი ჯრუ ჰოლიდეიმ აჩვენა, რომელმაც მეტოქის ფარზე 25 ქულის მოგროვება შეძლო. ამასთან, ჰოლიდეის ანგარიშზე 9 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრაა. სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო მამუკელაშვილს.
რაც შეეხება „ბოსტონ სელტიკსს“, მასპინძლებიდან საუკეთესო შედეგი ჯეისონ ტატუმმა აჩვენა, რომელმაც 39 წუთსა და 45 წამში 21 ქულა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააფიქსირა. ბოსტონიდან გამორჩეული იყო ალ ჰორფორდიც, რომელმაც თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა: 12 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება 36:23 წუთში.
გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ სერიის მეორე მატჩს 4 მაისს, კვლავ ბოსტონში გამართავენ.