„ვამაყობ შენით, ტრაბზონო!“ - არველაძე ტრაბზონსპორს ჩემპიონობას ულოცავს
38-წლიანი პაუზის შემდეგ „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სუპერ ლიგის 35-ე ტურში „ტრაბზონსპორმა“ საკუთარ მოედანზე „ანტალიასპორტს“ უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე სუპერლიგის ჩემპიონობა გაინაღდეს.
ტრაბზონსპორის ჩემპიონობას სოციალურ ქსელში შოთა არველაძე გამოეხმაურა, რომელიც თურქული კლუბის ღირსებას აჩი არველაძესთან ერთად 1993-1997 წლებში იცავდა.
„ვულოცავ ტრაბზონსპორს თურქეთის სუპერ ლიგის მოგებას. ძალიან ბედნიერი ვარ კლუბის თითოეული წარმომადგენლის და ყველა გულშემატკივარის გამო! ჩვენმა თაობამ ამის განხორციელება ვერ შეძლო, მაგრამ ამ გუნდმა საოცარ შედეგს მიაღწია და ბევრი გულშემატკივარი გაახარა. წარმოუდგენელი სეზონი იყო, ვამაყობ შენით ტრაბზონო“, - წერს არველაძე.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს „ტრაბზონსპორში“ ჩატარებულ 94 მატჩში 61 გოლი აქვს გატანილი.