ვლადიმერ გუცაევი: ,,ხვიჩა ინსინიეზე უფრო სწრაფი და საინტერესო ფეხბურთელია"
ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლური რადიო Kiss Kiss-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ კლუბში ხვიჩას ტრანსფერი დახურულია და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი იტალიური კლუბის რიგებში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ითამაშებს:
იმედი მაქვს, ხმაურიანი ტრანსფერი გავაკეთე. დიახ, ის ნამდვილად ნაპოლის ფეხბურთელია და აქ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ითამაშებს. ანაზღაურების სახით სეზონში დაახლოებით 1.5 ევროს მიიღებს.
დღეს, ლეგენდარულმა ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში" ხვიჩას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, კვარაცხელია ინსინიეს უმტკივნეულოდ შეცვლის:
ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი აქვს: ძალიან ნიჭიერია, დიდი სისწრაფე გააჩნია და ფინტები იცის. რაც ერთ-ერთი მთავარია, გოლების გატანის უნარი გააჩნია. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ნაპოლის რეზერვში დიდხანს იქნება. იტალიის ჩემპიონატი აღარ არის ადრინდელივით, არც ინგლისის პრემიერლიგაა. დიდი ხანია, დიდი ვარსკვლავები არ ჰყავთ.
მგონია, რომ ერთ წელში ხვიჩა წამყვანი ფეხბურთელი იქნება არა მხოლოდ ნაპოლიში, არამედ იტალიაშიც. შესაძლოა, პროფესიონალი იყო, მაგრამ ნიჭი არ გქონდეს. ხვიჩა პროფესიონალიცაა და ნიჭიც აქვს. ახალგაზრდაა, მოტივაცია გააჩნია და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ გაგვახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ ინსინიეზე უფრო სწრაფია, უფრო საინტერესო ფინტები აქვს და გოლების არანაკლები უნარი აქვს და მგონია, რომ მას უმტკივნეულოდ შეცვლის.
ხვიჩა კვარაცხელიას დინამო ბათუმთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით აკავშირებს და სერია ა-ს გუნდი 1 ივლისიდან შეუერთდება. ამ დრომდე ხვიჩამ დინამო ბათუმის მაისური 5-ჯერ მოირგო და 3 შესანიშნავი გოლი გაიტანა.
საინტერესოა, რომ ნაპოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუნდი 8 ივლისს შეიკრიბება, 9 ივლისიდან -19 ივლისის ჩათვლით კი შეკრებას გაივლის, სადაც რა თქმა უნდა, ხვიჩასაც ვიხილავთ.
???? Napoli will start the 2022/23 season at the Dimaro-Folgarida training camp in Val di Sole. The squad will arrive there on 8 July before taking part in their first training session the following day, and will remain there until 19 July. pic.twitter.com/V5ecGYnbXW
— Official SSC Napoli (@en_sscnapoli) April 12, 2022
მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით