გუნდიდან ცეცაძის წასვლის შესახებ ინფორმაციას ტორპედო უახლოეს საათებში დაადასტურებს
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შემდეგ არასახარბიელო შედეგები აქვს ქუთაისის ტორპედოს, რომელმაც რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო, თუმცა მიმდინარე სეზონში დამაჯერებელი ვერ არის.
ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოა ქუთაისელი გულშემატკივარი, რომელიც საყვარელი გუნდის მატჩებზე აღარ დადის. ფან-დაჯგუფებამ პროტესტი არჩია და სტადიონზე არც გასულ დღეს, დინამო თბილისთან პრინციპული მატჩის მიმდინარეობისას მისულა. მათი გადაწყვეტილება მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს უკავშირდება - გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის შეცვლას დაუყოვნებლივ ითხოვენ.
CrystalSport-ის ინფორმაციით, უახლოეს საათებში ტორპედო და ცეცაძე თანამშრომლობას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვეტენ. ტორპედოს უკვე ჰყავს რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ცეცაძემ ტორპედოდან წასვლის გადაწყვეტილება აპრილში თავად მიიღო, თუმცა მაშინ გუნდის ახალმა ხელმძღვანელებმა განმარტეს, რომ ცვლილებები მართებული არ იქნებოდა.
9 ტურის შემდეგ, ტორპედოს 11 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს. ქუთაისის წარმომადგენელს პლეი-აუტის ზონამდე მხოლოდ 1 ქულა აშორებს.
რაც შეეხება ცეცაძეს, სპეციალისტი ტორპედომდე სამტრედიას, 2015-2017 წლებში წვრთნიდა და კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. სპეციალისტი აღნიშნული გუნდის რიგებში გასული წლის თებერვალში დაბრუნდა. სამტრედიაში დაბრუნებამდე კი ცეცაძე ლვოვში მუშაობდა, სადაც კარიერა არ აეწყო - ჩატარებულ 12 შეხვედრაში 9 მატჩი წააგო, 3 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა, რის შემდეგაც უკრაინა დატოვა.