სენსაციები - ბათუმის დინამომ და დილამ ქულები დაკარგეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის სამი მატჩი გაიმართა. ბოლნისის ''სიონისა'' და ბათუმის ''დინამოს'' დაპირისპირება ''სტეფანიაზე'' ფრედ 1:1 დასრულდა.
გია გეგუჩაძემ ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა, სასტარტოში მოთამაშე ჯოვინო ფლამარიონი 38-ე წუთზე შეცვალა, ხვიჩა კვარაცხელია კი - 42-ე წუთზე. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა უცნობია.
ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, რომელმაც დარტყმის შესრულებამდე მეტოქის მცველი ცრუ მოძრაობით ტექნიკურად ჩამოიშორა. საგოლე პასი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა.
82-ე წუთზე ლაშა უგრეხელიძის პასის შემდეგ თომა ტაბატაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაათანაბრა. უგრეხელიძის გადაცემის შემდეგ ოლექსანდრ აზაცკი უხეშად შეცდა, უკრაინელის ცუდი თამაშის გამო ტაბატაძე კარგ ვითარებაში აღმოჩნდა და შანსი გამოიყენა.
მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის ''დინამომ'' 10 ტურში 23 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან გორის ''დილას'' 4 ქულით უსწრებს. ''გაგრამ'' ''დინამო არენაზე'' გორის ''დილას'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე მათე კვირკვიამ გაიტანა.
ბოლნისის ''სიონმა'' 10 ტურში 10 ქულა დააგროვა, მე-9 ადგილზეა, ბოლო პოზიციაზე თბილისის ''ლოკომოტივია'' 0 ქულით.
ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური