„გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს" - შოთას მიმართვა ჯანოს
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე ჯანო ანანიძის მიერ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და ანანიძეს დაემშვიდობა.
„ჯანო, გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს. განსაკუთრებული იყავი მოედანზეც და განსაკუთრებული ხარ მოედნის მიღმაც. ყველა წამოწყებაში წარმატებას გისურვებ, შენ გვერდით მიგულე!“
ჯანოს კარიერის დასრულების მიზეზი გამუდმებული ტრავმები გახდა. მაგალითისთვის, ჯერ მხოლოდ 2011-2018 წლებში, ფეხბურთელს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმის მიზეზით, 845 დღე გაუცდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის ასაკში ჩაატარა და ლევან ყენიას შემდეგ, ამ დრომდე ყველაზე მცირე ასაკის დებიუტანტია. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად 2009 წელს, იტალიის წინააღმდეგ მოირგო, მაშინ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი იყო. ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა (აქედან, 5 მატჩი შეცვლაზე), 6 გოლი გაიტანა (მათ შორის, 3 პენალტით) და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.