Mundo Deportivo-ს ხვიჩა კვარაცხელია გრიგოლ ჩაბრაძეში აერია
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა და მკითხველს ქართველი ფეხბურთელის „ნაპოლიში“ ტრანსფერის შესახებ აუწყა. ერთი შეხედვით, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ავტორს „კვარას“ ნაცვლად გრიგოლ ჩაბრაძის ფოტო აქვს გამოყენებული, რომელსაც თან ასეთი წარწერა ახლავს: „ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების მაისურით.“
სტატიაში „პარტენოპეის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სიტყვებია მოყვანილი, რომელიც მან გუშინ გააჟღერა და განაცხადა, რომ ზაფხულში, ხვიჩა „ნაპოლის“ პირველი შენაძენი იქნება. ავტორი ხვიჩას წარსულზეც გვესაუბრება და ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს იხსენებს.
„ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში გამართულ 12 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, რამდენჯერმე აღიარა, რომ მისი ოცნება რეალში თამაშია. მარტში, კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგა დატოვა და საქართველოს ჩემპიონატის ლიდერს, დინამო ბათუმს შეუერთდა.
21 წლის ფეხბურთელი, რომელმაც 2021 წლის მარტში ესპანეთს გოლი გაუტანა, სამშობლოში სერიოზული წნეხის ქვეშ იყო, რადგან რუბინში თამაშობდა, თუმცა უეფასა და ფიფას მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, კლუბის დატოვება შეძლო. კვარაცხელია გუნდში ლეონიდ სლუცკის მისვლის შემდეგ აფეთქდა, საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა კი განაცხადა, რომ კარიერის ახალ ეტაპზე, ხვიჩას სრულ მხარდაჭერას უცხადებს“, - წერს Mundo.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, „იუვენტუსის“, „რომას“, „ნაპოლის“, „ლაციოსა“ და „ტორინოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ლუჩიანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მოჯი სტუმრად „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ ხვიჩას ყველაფერი აქვს, რათა დიდი ფეხბურთელი გახდეს.