ნაკრებს ჩაიბარებს? რანგნიკმა შესაძლოა სეზონის ბოლოს იუნაიტედი დატოვოს
რალფ რანგნიკმა სეზონის ბოლოს შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს. ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გერმანელმა სპეციალისტმა შესაძლოა უარი თქვას კონსულტანტის თანამდებობაზე და ავსტრიის ნაკრების ჩაიბაროს.
რანგნიკმა ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციიდან შეთავაზება ცოტა ხნის წინ მიიღო.
როგორც ცნობილია, მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, რანგნიკი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ორი წლის განმავლობაში უნდა დახმარებოდა.
მიმდინარე სეზონში მისი მუშაობით კლუბი დიდად კმაყოფილი ვერ დარჩა. გერმანელმა მოლოდინები ვერ გაამართლა და ერიკ ტენ ჰაგთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, „მანკუნიანელებს“ პრობლემა არ ექნებათ, თუ რანგნიკი კლუბს დატოვებს.
იუნაიტედის ანტირეკორდი რანგნიკის ხელში
„არსენალთან“ 1:3 დამარცხების შემდეგ, „იუნაიტედმა“ კლუბის ისტორიაში ანტირეკორდი დააფიქსირა.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „იუნაიტედმა“ 51 გოლი გაუშვა. ამდენი გოლი „წითელ ეშმაკებს“ ინგლისის მთავარ ჩემპიონატში არასდროს გაუშვიათ.
უკანასკნელად, 50 გოლი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 1978-99 წლების სეზონში გაუშვა. პრემიერ ლიგის დასრულებამდე რამდენიმე ტური დარჩა და ეს შედეგი სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად გაუარესდება.