„ყველაფერი აქვს, რათა შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს" - მოჯი ხვიჩაზე
„იუვენტუსის“, „რომას“, „ნაპოლის“, „ლაციოსა“ და „ტორინოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ლუჩიანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მოჯი სტუმრად „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოში იმყოფებოდა და სხვა თემებთან ერთად, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერსაც შეეხო.
„რას ვიტყოდი ხვიჩა კვარაცხელიაზე? ჩემი აზრით, ის კარგი ფეხბურთელია და მას ყველაფერი აქვს, რათა შესანიშნავი მოთამაშე გახდეს.“
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მოჯი „კვარას“ აქებს. რამდენიმე კვირის წინ, იტალიურ გამოცემებთან საუბრისას მან ასეთი განცხადება გააკეთა: „ნაპოლის სატრანსფერო გეგმებზე რას ვიტყოდი? კლუბი სწორი მიმართულებით მიდის. ხვიჩა კვარაცხელიას კარგად ვიცნობ და იგი ტოპ კლუბში სათამაშოდ მზადაა. ხვიჩა ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და შეუძლია, ტოპ დონის მოთამაშე გახდეს. მას არაჩვეულებრივი საფეხბურთო შესაძლებლობები აქვს“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას შესახებ Napolipiu-მ დაწერა და ქართველი ფეხბურთელი დადებითად დაახასიათა. ნეაპოლური გამოცემის მიხედვით, კვარაცხელია მოკლე მონაკვეთზე დრიბლინგის უნარით გამოირჩევა, კარგი დარტყმა აქვს, ფიზიკური სიძლიერის მხრივ პრობლემა არ გააჩნია და გოლის ალღოც აქვს, რაც დინამო ბათუმის რიგებში შესრულებული დუბლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
ფოტო დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი