თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ქეცბაია ინგლისში? - ბრიტანეთში ქართველი სპეციალისტის დაბრუნებას ვარაუდობენ

ინგლისური „უოტფორდი“, რომელსაც დღეს სახარბიელო დრო ნამდვილად არ უდგას და დიდი ალბათობით „პრემიერ ლიგიდანაც“ დაქვეითდება, სეზონის ბოლოს მთავარ მწვრთნელს შეიცვლის.

WatfordObserver-ის ინფორმაციით, კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი თანამდებობას სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს, მის შემცვლელად კი სააგენტო რამდენიმე სპეციალისტს მოიაზრებს.

უოტფორდთან დაკავშირებული სააგენტო მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ამჟამინდელ დამრიგებელს და „ნიუკასლის“ ყოფილ ფორვარდს, თემურ ქეცბაიას განიხილავს.

რას წერს WatfordObserver ქართველ სპეციალისტზე

„მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად თემურ ქეცბაიას ვარიანტი განიხილება. ქართველი სპეციალისტი, რომელიც წარსულში „ნიუკასლის“ ღირსებას იცავდა, ინგლისს კარგად იცნობს.

ქეცბაიასთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ის ინგლისში დაბრუნებით დაინტერესებულია. ქეცბაია კვიპროსში გამოცდილების დაგროვებას აგრძელებს, სამომავლოდ კი იმედოვნებს, რომ ინგლისში დაბრუნებას შეძლებს.

ქართველი სპეციალისტი „ანორთოსისის“ გარდა, „ოლიმპიაკოსს“, ათენის აეკ-ს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

წარსულში, მან „ანორთოსისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. კვიპროსის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ქვეყნის კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.

საგულისხმოა, რომ „უოტფორდს“ მისი ვარიანტი იმავე სკაუტებმა შესთავაზეს, რომლებმაც ჩისკო მუნიოზს გაუწიეს რეკომენდაცია“, - ნათქვამია სტატიაში.

თემურ ქეცბაიას გარდა, სააგენტო „უოტფორდის“ მწვრთნელობის კიდევ ორ კანდიდატსაც განიხილავს - დიეგო მარტინესს, რომელიც წარსულში „სევილიას“, „ოსასუნას“ და „გრანადას“ წვრთნიდა და ასევე ფაბიო კანავაროს, რომელიც ამჟამად ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

შეგახსენებთ, რომ როი ჰოჯსონამდე „უოტფორდს“ კლაუდიო რანიერი, მანამდე კი ჩისკო მუნიოზი ხელმძღვანელობდა, რომელიც კლუბს სათავეში 2020/21 წლებში, თბილისის „დინამოდან“ ჩაუდგა. ინგლისურმა კლუბმა პრემიერ ლიგაში დაწინაურება ესპანელი სპეციალისტის დამსახურებით შეძლო, თუმცა ჩისკო კლუბის ხელმძღვანელებმა 2021 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს და მის ადგილზე კლაუდიო რანიერით დანიშნეს.

„უოტფორდი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 33 ტურის შემდეგ 22 ქულით ბოლოსწინა მე-19 ადგილზე იმყოფება და მე-17 ადგილზე მყოფ „ბარნლისთან“ 9 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ნაპოლი კარგ ფეხბურთელებს ყიდულობს" - კაპელო კვარაცხელიაზე