AS: პსჟ-მ ნეიმარს სატრანსფერო ფასი დაადო
პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის, ნეიმარის გასაყიდად მზად არის. გავლენიანი ესპანური სააგენტო AS-ის ინფორმაციით, კლუბი მზადაა ფეხბურთელი 90 მილიონ ევროდ გაყიდოს.
ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი კრახის შემდეგ პარიზულ გუნდში არაერთხელ განაცხადეს, რომ ზაფხულში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებენ, თუმცა მოხვდება თუ არა ნეიმარი წამსვლელთა სიაში, ამას რამდენიმე თვეში გავიგებთ. თავად ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ს 2017 წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ გადავიდა. პარიზელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც დღემდე სარეკორდო ფასია.
30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პარიზული გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.