ლევანდოვსკი სალიჰამიჯიჩის სიტყვებით უკმაყოფილოა - პოლონელი ტრანსფერს მალე მოითხოვს
„ბაიერნის“ პოლონელი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი „რეკორდმაისტერის“ სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებით უკმაყოფილოა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ „ლევა“ 2022 წელს კლუბს არ დატოვებს და „ბაიერნს“ მისი შემცვლელი არ დასჭირდება.
Sport Bild-ის ინფორმაციით, ლევანდოვსკი ამ ზაფხულს კლუბის შეცვლას აქტიურად განიხილავს და სალიჰამიჯიჩის სიტყვებმა მისი გაღიზიანება ზუსტად ამიტომ გამოიწვია. გარდა ამისა, პოლონელი იულიან ნაგელსმანის სათამაშო სისტემითაც უკმაყოფილოა. „ლევა“ თვლის, რომ გერმანელი სპეციალისტის ტაქტიკის გამო, იმდენ საგოლე მომენტს ვერ იღებს, რამდენსაც უნდა იღებდეს.
Sport Bild-ის ცნობით, ლევანდოვსკი საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას არ აპირებს, „რეკორდმაისტერის“ ბოსები კი ცვლილებებზე ფიქრობენ. „ბაიერნში" ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ჩანიშნული მოლაპარაკებებისას ლევანდოვსკის აგენტი, პინი ზაჰავი ტრანსფერს ოფიციალურად მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პოლონელ თავდამსხმელს „ბარსელონას“ უკავშირებენ და რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ დაწერა, რომ იგი „კამპ ნოუზე“ გადასვლასთან ახლოსაა. კლუბიდან ლეო მესის წასვლის შემდეგ „ბარსელონა“ ისეთი მოთამაშის დამატებას გეგმავს, რომელიც ლიდერის ფუნქციებს იკისრებს და რთულ მომენტებში გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარება.