ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური გუნდი - კრისტალბეთ ეროვნულმა ლიგამ საუკეთესოები გამოავლინა
როგორც მოსალოდნელი იყო, Crystalbet ეროვნული ლიგის პირველი წრე დაძაბულ და ამავდროულად, კონკურენტუნარიან გარემოში წარიმართა.
9 ტურის შემდეგ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, გორის „დილას“ 3 ქულით უსწრებს. პარალელურად, უნდა აღინიშნოს გორელების კარგი თამაში, რომლის ხარჯზეც დილამ პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა. ანდრეი დემჩენკოს გუნდს 19 ქულა აქვს და თბილისურ „საბურთალოსა“ და „დინამოს“, რომლებსაც 15-15 ქულა აქვთ 4 ქულით უსწრებს.
პირველი წრის დასრულების შემდეგ, Crystalbet ეროვნულმა ლიგამ საუკეთესო ფეხბურთელი, მთავარი მწვრთნელი და სიმბოლური გუნდი გამოავლინა.
საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა, რომელმაც პირველი წრის 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
საუკეთესო მწვრთნელად ბათუმის „დინამოს“ დამრიგებელი, გია გეგუჩაძე დასახელდა. მისი ხელმძღვანელობით, აჭარული კლუბი სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება: მეკარე - კუპატაძე (ბათუმის დინამო); მცველები - ვანდერსონი (დილა), თევზაძე (თელავი), ჭიჭინაძე (დილა), მამუჩაშვილი (ბათუმის დინამო); ნახევარმცველები - ალთუნაშვილი (ბათუმის დინამო), ნონიკაშვილი (საბურთალო), ნ. ხორნელი (სიონი), ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის დინამო); თავდამსხმელები - ვაწაძე (გაგრა), სიხარულიძე (საბურთალო).
Crystalbet ეროვნული ლიგის მეორე წრე სტარტს 29 აპრილიდან აიღებს.