მორიგი დარტყმა - რუსეთი ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს აღარ უმასპინძლებს
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ციგურაობის გრან-პრის აღარ უმასპინძლებდა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, უკრაინაში საომარი ქმედებებია. დღეს კი, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ოკუპანტ ქვეყანას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება წაართვა.
IIHF-მა გაითვალისწინა მონაწილე ქვეყნების, მედიის და გულშემატკივრების მოთხოვნა და ამრიგად სანკტ პეტერბურგი მსოფლიო ჩემპიონატს ვეღარ უმასპინძლებს. ეს რა თქმა უნდა, რუსეთისთვის დიდი დარტყმაა, რადგან რუსეთში ჰოკეი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია.
მეტიც, სანკტ პეტერბურგში მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალური ახალი დარბაზი შენდებოდა, რომელიც 23 000 ადამიანზე არის გათვლილი. საერთაშორისო ფედერაცია თვლის, რომ რუსეთში მშვიდობის სათანადო გარანტია არ არსებობს და გმობს მის ყველა საომარ გადაწყვეტილებას.
ცნობა იმის შესახებ, თუ სად გაიმართება ყინულის ჰოკეის მუნდიალი საერთაშორისო ფედერაციის მორიგ შეკრებაზე გადაწყდება.