ლივერპული VS ვილიარეალი - მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპული“ „ვილიარეალს“ უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport ყველა საჭირო დეტალს და ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
„ლივერპული“
მერსისაიდული გრანდი ორ ფრონტზე იბრძვის. კლოპის გუნდი პრემიერ ლიგაში „მანჩესტერ სიტის“ 1 ქულით ჩამორჩება. ორივე გუნდი მიყოლებით ყველა თამაშს იგებს და სატურნირო ცხრილი ჯერჯერობით არ იცვლება.
უკანასკნელ ტურში მერსისაიდული დერბი გაიმართა. „ლივერპულმა“ საკუთარ კედლებში „ევერტონი“ მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა. გოლების ავტორები რობერტსონი და ორიჯი გახდნენ.
დანაკლისი:
ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემები „ლივერპულს“ არ აქვს. ნახევარფინალის გამოტოვების საშიშროება მხოლოდ რობერტო ფირმინოს აქვს, რომელსაც მიკრო ტრავმა აღენიშნება, თუმცა ჯერჯერობით მისი არ ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდება.
რა თქვა კლოპმა მატჩის წინ?
„“ვილიარეალის“ თამაშს, რა თქმა უნდა, ანალიზი ჩავუტარეთ. უნაი ემერის და „ვილიარეალს“ ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე დავდექი, უფრო მეტად ჩავეძიე ყველაფერს და ბრავო! ეს შთამბეჭდავია. ემერი არის მწვრთნელი, რომელიც მცირე დეტალებით არის შეპყრობილი. მას ასევე რთული სიტუაციებიდან გამოძრომის სხვადასხვა მექანიზმები აქვს.
წაგებულ ევროპის ლიგის ფინალზე დიდი ხანია არ მიფიქრია. მახსოვს, მაშინ ვთქვი, რომ უფრო ძლიერები დავბრუნდებოდით და ვფიქრობ ასეც მოხდა. მაშინ ძალიან რთული სეზონი გვქონდა და ფინალი ჩვენი 64-ე მატჩი იყო. სიტუაციას ვერ შევადარებ. „ბაიერნმა“ და „იუვენტუსმა“ „ვილიარეალი“ ვერ შეაფასეს. ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდება.
უნაი ემერი მსოფლიო დონის მწვრთნელია და საოცარ სამუშაოს ასრულებს. წინ განსაკუთრებული მატჩი გველოდება. მწვრთნელები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ოცნებობენ, რომ ამ ეტაპზე მოხვდნენ და მე ეს შევძელი. ბედნიერი ვარ.“
„ვილიარეალი“
ლა ლიგის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და „ვილიარეალი“ სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ეს პოზიცია კი კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა. ემერის გუნდი ევროპის ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.
გასულ ტურში, „წყალქვეშა ნავმა“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლი დანჯუმამ გაიტანა.
რა თქვა ემერიმ მატჩის წინ?
„ამ ეტაპზე იმიტომ ვართ, რომ დავიმსახურეთ. „ლივერპულს“ და იურგენ კლოპს საოცარი პროექტი აქვთ და მათი დამარცხება რთული იქნება. მოულოდნელობის ეფექტი შემცირებულია. ეს ფაქტორი „ბაიერნთან“ და „იუვენტუსთან“ აშკარად გამოგვადგა. ახლა სიტუაცია შეიცვალა. „ლივერპულმა“ იცის, რომ ევრო სარბიელზე შესანიშნავი გამოცდილება გვაქვს. ისინი თავს ფავორიტებად თვლიან, მაგრამ პატივისცემა აშკარად იგრძნობა.
კლოპის გუნდს გაუმჯობესებულად აღვიქვამ. „ლივერპული“ სწრაფი, კომპაქტური და ძლიერი გუნდია. ბურთს ისე გართმევენ, რომ გააზრებასაც ვერ ახერხებ. შესაძლოა მათთვის იდეალური მეტოქე ვიყოთ, მაგრამ წინასწარ არავინ იცის რა მოხდება. მანე და სალაჰი ყველაზე დიდ ხიფათს ქმნიან და აქცენტს სწორედ მათზე გავაკეთებთ. მე მყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ მატჩისთვის მზად არიან.
კარგად გვესმის, რომ ახლა ნახევარფინალში ვართ და ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტს ვეთამაშებით. ამ დაპირისპირებით არაფერი მთავრდება. ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ გვაქვს იარაღი, რომლითაც ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია.“
ემერი VS კლოპი
ესპანელი და გერმანელი სპეციალისტები კარიერაში ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ. პირველად ეს ევროპის ლიგის ფინალში მოხდა, სადაც „სევილიამ“ „ლივერპული“ 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელებმა ნახევარფინალიდან სწორედ „ვილიარეალი“ გამოაგდეს.
ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ, ემერი „არსენალის“ მწვრთნელი გახდა და კლოპის გუნდს პრემიერ ლიგაში 4-ჯერ შეხვდა. 3 მოგება და 1 ფრე გერმანელის სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალმა“ ნახევარფინალამდე „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ გამოთიშა ასპარეზობას. „ლივერპულმა“ კი „ინტერის“ და „ბენფიკას“ ბარიერი დაძლია. ცნობისთვის, ნახევარფინალური დაპირისპირება 27 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.