კლოპი: "იუვენტუსმა და ბაიერნმა ვილიარეალი ვერ დააფასეს"
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპული“ „ვილიარეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კლოპი:
„“ვილიარეალის“ თამაშს, რა თქმა უნდა, ანალიზი ჩავუტარეთ. უნაი ემერის და „ვილიარეალს“ ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე დავდექი, უფრო მეტად ჩავეძიე ყველაფერს და ბრავო! ეს შთამბეჭდავია. ემერი არის მწვრთნელი, რომელიც მცირე დეტალებით არის შეპყრობილი. მას ასევე რთული სიტუაციებიდან გამოძრომის სხვადასხვა მექანიზმები აქვს.
წაგებულ ევროპის ლიგის ფინალზე დიდი ხანია არ მიფიქრია. მახსოვს, მაშინ ვთქვი, რომ უფრო ძლიერები დავბრუნდებოდით და ვფიქრობ ასეც მოხდა. მაშინ ძალიან რთული სეზონი გვქონდა და ფინალი ჩვენი 64-ე მატჩი იყო. სიტუაციას ვერ შევადარებ. „ბაიერნმა“ და „იუვენტუსმა“ „ვილიარეალი“ ვერ შეაფასეს. ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდება.
უნაი ემერი მსოფლიო დონის მწვრთნელია და საოცარ სამუშაოს ასრულებს. წინ განსაკუთრებული მატჩი გველოდება. მწვრთნელები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ოცნებობენ, რომ ამ ეტაპზე მოხვდნენ და მე ეს შევძელი. ბედნიერი ვარ.“
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ნახევარფინალამდე „ინტერისა“ და „ბენფიკას“ ბარიერი დაძლია, ხოლო „ვილიარეალმა“ „იუვენტუსი“ და „ბაიერნი“ გამოთიშა ასპარეზობას. ცნობისთვის, ნახევარფინალური დაპირისპირება 27 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.