შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრემიერლიგის კლუბების ინტერესი მამარდაშვილის მიმართ
რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, ვალენსია ბეტისის დაპირისპირების მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერია კი ბეტისმა (5-4) მოიგო. ფინალურ შეხვედრაში გამორჩეული საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც ძირითად დროში ვალენსია გოლისგან რამდენჯერმე იხსნა.
კოპა დელ რეის ფინალური შეხვედრის შემდეგ, არაეთგვაროვანი ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა, რომ ნიჭიერი მეკარით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ. აღნიშნული ინფორმაცია რეალურია. საქმე მხოლოდ ინგლისური კლუბებს არ ეხება, საუბარია საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ წარმომადგენლებზეც. ამის შესახებ მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ, CrystalSport-ს ჯერ კიდევ ფინალამდე, 18 აპრილს უთხრა.
როგორ მიაგნო ვალენსიამ მამარდაშვილს? - სრული გადაცემა
ლევან სეთურიძე (აგენტი):
,,გიორგი ამ გადაცემას უყურებს, მაგრამ ვიცი, რომ ჰაერში არ აფრინდება, იმდენ რამეს გაუძლო, მაქვს უფლება ეს ვთქვა: გიორგის მიმართ ისეთი ქვეყნებიდანაა ინტერესი, როგორიცაა ინგლისი (პრემიერლიგა), ასევე ინტერესია საფრანგეთის წამყვან გუნდებიდანაც, რომელთაც დიდი ფული აქვთ, თუმცა ეს მომავლის თემაა. ახლა კონტრაქტი ვალენსიასთან აქვს და ამ გუნდის ცხოვრებით ცხოვრობს".
გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას ყურადღება ჯერ კიდევ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლოკომოტივის მაისურით, გრანადას წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიპყრო. მიუხედავად იმის, რომ ამ მატჩში ლოკომოტივი დამარცხდა (2-0), გიორგი მაინც გამორჩეული იყო. მოგვიანებით, კონტრაქტი გაფორმდა და გიორგი მამარდაშვილის დებიუტი, ვალენსიას მაისურით, 2021/22 წლების სეზონის ლა ლიგაში, ხეტაფეს წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში, 20 წლის შემდეგ, 20 წლის მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის TOP 5 ჩემპიონატში ითამაშა. 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.