ბრუკლინის კრახი 4 მატჩში - ბოსტონმა დურანტი და კაირი პლეიოფს მიღმა დატოვა
NBA-ის 2021-22 წლების სეზონის დაწყებამდე, ბუკმეიკერები საჩემპიონო ბეჭდების მოგების მთავარ ფავორიტად „ბრუკლინ ნეთსს“ ასახელებდნენ. სტივ ნეშის ბიჭებს სუპერ გუნდად მოიხსენიებდნენ და დღეს, ეს სუპერ გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა.
„ნეთსმა“ პლეიოფის პირველივე სერია დათმო და „ბოსტონთან“ დამარცხდა. „სელტიკსმა“ მრისხანე მეტოქეს 4-დან 4 შეხვედრა მოიგო და მეორე რაუნდის საგზური დამსახურებულად მოიპოვა. „კელტებმა“ გადამწყვეტი გამარჯვება დღეს დილით დაისაკუთრეს და მეტოქეს 116:112 სძლიეს.
THE SWEEP IS COMPLETE ????
— NBA on TNT (@NBAonTNT) April 26, 2022
The @celtics hold off a late Nets charge to take the series 4-0! pic.twitter.com/lwO3Psk6Li
„ბოსტონს“ ტეიტუმ-ბრაუნის დუეტმა ულიდერა, რომელმაც ჯამში 51 ქულა დააგროვა. ტეიტუმის ანგარიშზე 29 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ, თუმცა 6 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ამდენჯერვე დაკარგა. ბრაუნმა 22 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა, მარკუს სმარტმა კი აქტივში 20 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა ჩაიწერა. „ბრუკლინის“ მხრიდან საუკეთესო კევინ დურანტი იყო - 39 ქულა, 9 ასისტი, 7 მოხსნა. სეთ კარიმ 23 ქულა ჩააგდო, კაირიმ კი - 20.
„მშვენივრად ვიცოდით, ჩვენი მეტოქე ვინ იყო. მათი ბალანსი არ ასახავდა რამდენად მაღალი დონის გუნდთან გვქონდა საქმე და ვხვდებოდით, რომ ყველა შეხვედრა დაძაბული იქნებოდა. 4:0 მოვიგეთ, მაგრამ თითოეული მატჩი ქულა ქულაში მიდიოდა და ყველა მათგანი ურთულესი გახლდათ, თუმცა ჩვენი თავის გვჯეროდა და მიზანს მივაღწიეთ“, - განაცხადა ტეიტუმმა მატჩის შემდეგ.
„ბოსტონის“ გამარჯვების შემდეგ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ NBA-ში ახალი ეპოქა დაიწყო. ბოლო 17 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პლეიოფის მეორე რაუნდში ვერც ლებრონ ჯეიმსს და ვერც კევინ დურანტს ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ „ნეთსი“ NBA-ის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელიც პლეიოფის სერიაში პარკეტიდან მინიმუმ 50 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან მინიმუმ 40 პროცენტით ისროდა და საჩემპიონო ბრძოლას მაინც გამოეთიშა.