გაგრას მიზანი ელიგაში დარჩენაა: ,,ვფიქრობ, პირველი წრის შეხვედრები ურიგოდ არ ჩაგვიტარებია"
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9 ტურია გასული, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ გაგრას 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს. გაგრამ 3 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა - დაამარცხა ლოკომოტივი, საბურთალო და დინამო თბილისი.
გაგა კირკიტაძე (გაგრას მთავარი მწვრთნელი):
ვფიქრობ, პირველი წრის შეხვედრები ურიგოდ არ ჩაგვიტარებია. სიმართლე გითხრათ, ჩემპიონატის დაწყებამდე ხმამაღალი ამბიციები არ გვქონია. მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს და საჭირო გამოცდილებას მიიღებს, შემდეგ კი შევხედავთ კლუბის უფრო მეტად განვითარებისთვის რა შესაძლებლობები გვექნება.
პირველ ტურებში თამაშის რიტმში კარგად ჩავსხედით. ბევრი რამ გამოგვდიოდა. შემდეგ იყო სანაკრებო პაუზა, უამინდობით გამოწვეული გადადებული თამაში და ამან ერთობლიობაში რიტმიდან ამოგვაგდო.
ჩვენი გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად გადის. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ჩვენი მეტოქე. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ხან გამოგვდის, ხან არა. ეს ფეხბურთია. თამაში ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც გვსურს. ბევრი კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ.
გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები მოვიდნენ. მათი ნაწილი გაგრაში ადრეც თამაშობდა. ყველა ფეხბურთელს, ვინც დაგვემატა, თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. მათი მოსვლით გუნდის თამაში დაბალანსდა. გაჩნდა კონკურენცია, რაც დადებითი მოვლენაა. ვფიქრობ, ისინი თავის ამპლუაში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. ამას მინდორზე ამტკიცებენ და მომავალშიც დაამტკიცებენ.
ბევრი გაგრელი მეგობარი მყავს, ვისაც ჩვენი გუნდის თამაშებზე დასწრება ძალიან სურს, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, ამას ვერ ახერხებს. დიდ წუხილს გამოთქვამენ. სინამდვილეში, ჩვენ გულშემატკივრების დიდი არმია გვყავს. სამწუხაროდ, ვინაიდან ოკუპირებული ტერიტორიის გუნდი ვართ, საკუთარ კედლებში ვერ ვთამაშობთ და მუდმივად სტუმრად გვიწევს მატჩების გამართვა. ვიმედოვნებ, ერთ მშვენიერ დღეს, ეს მოცემულობა შეიცვლება და ქალაქი გაგრა თავის საფეხბურთო კლუბს დაიბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ გაგრამ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება 10-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.
მომზადებულია საფეხბურთო კლუბ გაგრას მიხედვით