მარგველაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი გახდა
ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ''შკუპიმ'' შინ ''რენოვა'' 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტოში 25 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გაგი მარგველაშვილმა 90 წუთი ითამაშა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ''შკუპიმ'' ჩემპიონობა გაინაღდა, 71 ქულა დააგროვა და ''პანდევ აკადემიას'' 13 ქულით გაასწრო. ''შკუპი'' ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა, შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
მარგველაშვილი მაკედონიურ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა, სეზონის მეორე ნახევარში ''შკუპის'' რიგებში 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო.
აღსანიშნავია, რომ ''ბორეცთან'' მოგებულ მატჩში მარგველაშვილმა აკრობატულ ნახტომში ეფექტური გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, მარგველაშვილისთვის ''შკუპი'' პირველი უცხოური კლუბია. მაკედონიურ კლუბში გადასვლამდე ''საბურთალოსა'' (2013-20) და ბათუმის ''დინამოში'' (2021) თამაშობდა. 2018 და 2021 წლებში საქართველოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონობა იზეიმა.