ინდიანა პეისერსი, გოგა ბითაძე
Aa
Aa

„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა" - Nba.com-ის სტატია გოგაზე

NBA.com-ი რეგულარული სეზონისას „ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელების მიერ ნაჩვენები თამაშის განხილვას გვთავაზობს და დღეს, ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის ჯერი დადგა. NBA-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გოგას საინტერესო სტატია მიუძღვნა და იგი დადებითად დაახასიათა.

„როცა საუბარი გოგა ბითაძის მიერ ინდიანაში გატარებულ პერიოდს ეხება, სიტყვა „შანსი“ მთავარი საორიენტაციო რამაა. პირველი 3 სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში, 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომერი დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის უკან იყო გაჭედილი და სათამაშო დრო არ ეძლეოდა. ყველაფერი 2021-22 წლების რეგულარულის მეორე ნაწილში შეიცვალა, როცა ინდიანამ საბონისი საკრამენტოში გაუშვა, ხოლო ტერნერი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა.

პეისერსში განვითარებულმა მოვლენებმა გოგას კარი გაუღო, რათა სტაბილური სათამაშო დრო მიეღო და 22 წლის ქართველმა შანსი შესანიშნავად გამოიყენა. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, მან სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა. რეგულარულში ბითაძე საშუალოდ 7 ქულასა და 3.5 მოხსნას აგროვებდა, მაგრამ თუ მის სტატისტიკას დეტალურად ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რამდენად პროდუქტიული იყო, როცა სტაბილური სათამაშო დრო ჰქონდა.

სეზონის პირველ ნახევარში, საბონისისა და ტერნერის გამო, ბითაძეს თავის გამოჩენის საშუალება თითქმის არ ეძლეოდა და ინდიანას პირველ 43 შეხვედრაში, 10 წუთზე მეტი დრო მხოლოდ 7 მატჩში დაუთმეს. პეისერსის მაღლების ტრავმებმა გოგას პირველი სერიოზული შანსი იანვრის შუა რიცხვებში, დასავლეთ სანაპიროზე გამართული საგარეო შეხვედრებისას მისცა. 17 იანვარს, კლიპერსის წინააღმდეგ, მან სათადარიგოთა სკამიდან 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, 3 საღამოს შემდეგ კი, სასტარტო ხუთეულში გამოვიდა და 13 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რის წყალობითაც, საკადრო პრობლემების მქონე პეისერსმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში, ფინიქსის წინააღმდეგ გოგამ ორმაგი დუბლი მიითვალა და მარჯვენა ფეხის ტრავმის მიღებამდე გამართული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში მინიმუმ 10 ქულა დააგროვა.

აღნიშნული დაზიანება მას მთელი სეზონის განმავლობაში აწუხებდა და მის გამო 14 შეხვედრა გამოტოვა. გოგამ ტრავმით ბევრჯერ ითამაშა და ყველაფერი გააკეთა, რათა საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოეჩინა. რეგულარულის დასრულების შემდეგ, ბითაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნერვის დაზიანება ჰქონდა და ტკივილი დღითიდღე ძლიერდებოდა, თუმცა მაინც ახერხებდა თამაშს, როცა ტკივილი აუტანელი არ გახლდათ. გოგამ სეზონი ისე ჩაამთავრა, ვერ იტყოდით, რომ ტრავმა აწუხებდა. 6 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, მან 10-ქულიანი ნიშნული ზედიზედ 10 შეხვედრაში გადალახა და საშუალოდ 15.8 ქულას, 6.5 მოხსნასა და 1.4 დაფარებას აგროვებდა. ამ პერიოდში ბითაძე პარკეტიდან 60.4 პროცენტით უტევდა, ხოლო პერიმეტრიდან - 43.3-ით.

6 მარტს, ვაშინგტონის წინააღმდეგ გოგამ 20 ქულა დააგროვა და 7-დან 7 ბურთი ჩააგდო, 23 მარტს კი საკრამენტოსთან 20 ქულა და 9 მოხსნა გაიფორმა. 18 მარტს, მან თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ჰიუსტონის წინააღმდეგ 23 ქულა მიითვალა, რასაც 9 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და დაფარება დაუმატა. ამასთან, გადამწყვეტ მომენტებში მან შესანიშნავად იასპარეზა და 1:05 წუთით ადრე, ჩატენვით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 19.2 წამით ადრე, საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

ბითაძის ერთ-ერთი პლუსი გახლავთ ის, რომ მას მეტოქის დაცვის გაწელვა შეუძლია. მაღალი კალათბურთელისთვის მას კარგი სროლა აქვს, თუმცა NBA-ის კარიერის პირველ ეტაპზე ამის დამტკიცება ვერ მოახერხა. საწყის ორ სეზონში იგი პერიმეტრიდან 23.1 პროცენტით უტევდა და 2021-22 წლების რეგულარული 40-დან 6 ჩაგდებული სამიანით დაიწყო. გოგა ბურთს ყოველთვის კარგად ხსნიდა, თებერვლის შემდეგ კი გვაჩვენა ის შესაძლებლობები, რომლებიც სკაუტებმა მასში დაინახეს და ნასროლი სამიანების 42.5 პროცენტი ჩააგდო. გოგა ცენტრია, მაგრამ სეზონის სტარტზე, მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც იასპარეზა. რიკ კარლაილი მას დომანტას საბონისის გვერდით ათამაშებდა და ინდიანა წარმატებას აღწევდა, რის წყალობითაც, შესაძლოა, მომდევნო სეზონში გოგა მაილს ტერნერის ან აიზეია ჯექსონის მხარდამხარ ვიხილოთ.

ბითაძე ახალწვეულის კონტრაქტის ბოლო წელს უახლოვდება და დატვირთული ზაფხული ექნება. როგორც იქნა, იგი პაუზას აიღებს, რათა ფეხის ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს და შემდეგ, საქართველოს ნაკრების რიგებში ორ დიდ ტურნირზე იასპარეზებს. პირველი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია, რასაც ევრობასკეტი მოჰყვება, რომელზეც საქართველო ერთ-ერთი მასპინძელი გახლავთ. თუ ამ ტურნირებზე გოგამ ისე ითამაშა, როგორც NBA-ის სეზონი ჩაამთავრა, საერთაშორისო ასპარეზზე დიდ ყურადღებას მიიპყრობს და მომდევნო სეზონისთვის გამართულ სავარჯიშო კემპს კარგი განწყობითა და ფორმით შეხვდება“, - წერს Nba.com-ი.

შეგახსენებთ, რომ გასულ რეგულარულში გოგამ მონაწილეობა 50 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 7 ქულას, 3.5 მოხსნას, 1.1 ასისტს, 0.8 დაფარებასა და 0.4 ასისტს აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,გიორგი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა
,,გიორგი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" | რას წერს ვალენსიას გულშემატკივარი