"არაფერი შეცვლილა, არაფერი მაქვს სათქმელი" - რა ხდება მბაპეს ტრანსფერზე?
კილიან მბაპეს ირგვლივ არსებული გაურკვევლობა გრძელდება. მისი სატრანსფერო საგა როგორც ჩანს კიდევ საკმაო ხანს გაგრძელდება.
ფეხბურთელმა არ უპასუხა მის მომავალთან დაკავშირებულ შეკითხვას.
„არაფერი შეცვლილა. ახლა არაფერი მაქვს სათქმელი“,
- თქვა კილიანმა „ლანსთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი ჯერ არავის შეთანხმებია, არც მადრიდის „რეალს“ და არც პსჟ-ს.
პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა კილიან მბაპეს შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას მადრიდის „რეალზე“ ირონიულად ისაუბრა.
„რეალი უკვე სამი წელია დარწმუნებულია, რომ კილიან მბაპე მათთან წავა. იქნებ ისინი ძალიან დარწმუნებულები არიან ამაში?
მართალი გითხრათ, ჩვენ ყოველთვის გვქონდა მოლაპარაკებები კილიანის ოჯახთან. დოჰაში განსაკუთრებული შეხვედრა არ ყოფილა. კილიანი ჩვენთან ურთიერთობს, მუდმივი დიალოგი გვაქვს. ვფიქრობ, ის ჯერ ფიქრობს. მეჩვენება, რომ მისი დარჩენის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ მას ასევე შეუძლია დაგვტოვოს.
მბაპე ჯერ ფიქრობს“,
- განუცხადა ლეონარდომ Canal+-ს.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.