ბარსელონას ქალთა გუნდმა დასწრების საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა
91 648 ადამიანი - სწორედ ამდენი მაყურებელი შეიკრიბა კამპ ნოუს ტრიბუნებზე, რათა ქალთა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მატჩისთვის თვალი მიედევნებინა. ამით ბარსელონას ქალთა გუნდმა საკუთარი რეკორდი თავადვე მოხსნა - რამდენიმე კვირის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ელ კლასიკოს 91 553 ადამიანი დაესწრო, რითაც 1999 წლის მაჩვენებელი გაუმჯობესდა. საუბარია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის.
ბარსელონა - ვოლფსბურგის მატჩში 7 გოლი გავიდა, თუმცა ბარსელონას 1 გოლი VAR-მა გააუქმა, საბოლოოდ, მატჩი კატალონიელებმა მეტოქეს ანგარიშით - 5-1 მოუგეს. პირველ ტაიმში ბარსელონამ მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა (4-0), მეორე ნახევარი კი ფრედ (1-1) დასრულდა.
გუნდების საპასუხო შეხვედრა ფოლკსვაგენ არენაზე, 30 აპრილს შედგება და თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება. მეორე წყვილში ერთმანეთს ლიონი - პსჟ შეხვდებიან, რის შემდეგაც , ფინალისტების ვინაობას შევიტყობთ.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა პირველი გუნდია, რომლის მამაკაცებისა და ქალების გუნდებმა სეზონური „ტრებლი“ მოიგეს. მამაკაცებმა ეს 2008-09 და 2014-15 წლებში გააკეთეს, ქალებმა კი ტრიუმფით გასული წლის გათამაშება დაასრულეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ წელს ბარსელონელმა გოგონებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის ჩელსის ანგარიშით - 4-0 მოუგეს.