ჟეზუში გუარდიოლას გეგმების ნაწილი აღარაა - მისით არსენალი ინტერესდება
„მანჩესტერ სიტი“ გაბრიელ ჟეზუშის გაშვებას გეგმავს. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი პეპ გუარდიოლას სამომავლო გეგმების ნაწილი აღარაა და მას ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.
ჟეზუშს რამდენიმე ვარიანტი აქვს და Calciomercato-ს თუ დავუჯერებთ, ამ ეტაპზე ლონდონის „არსენალი“ ლიდერობს. „მეთოფეებმა“ ფეხბურთელთან დიალოგი უკვე დაიწყეს, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და ტრანსფერს წინ ბევრი არაფერი უდგას.
Athletic-ი ამ ინფორმაციას ადასტურებს და დასძენს, რომ ერთადერთი, რაც გარიგების გასაჩარხადაა საჭირო, „სიტისთან“ მეთანხმების მიღწევაა. ჟეზუშს „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს და თუ ზაფხულში, „არსენალმა“ ბრაზილიელის შეძენა ვერ მოახერხა, მისი ხელშეკრულების ვადის გასვლას დაელოდება.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, კლუბებს ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა ლონდონში იმედიანად არიან განწყობილი. მათ სჯერათ, რომ „სიტის“ დაყოლიება პრობლემა არ იქნება და ზაფხულში შეტევას გააძლიერებენ. შეგახსენებთ, რომ ჟეზუშს პრემიერ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და მისნაირი ფეხბურთელი „არსენალს“ ნამდვილად დაეხმარება. სხვათა შორის, ჟეზუშის ალტერნატივად „მეთოფეები“ დომინიკ კალვერტ-ლევინს განიხილავენ.