რონალდუ არსენალთან დაბრუნდება - პოგბასთვის სეზონი დასრულდა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, „წითელ ეშმაკებს“ „არსენალთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება. ამის შესახებ „ოლდ ტრაფორდელთა“ თავკაცმა, რალფ რანგნიკმა განაცხადა და დასძინა, რომ რონალდუს გარდა, „მეთოფეებთან“ შესაძლოა, სკოტ მაკტომინეი და რაფაელ ვარანიც ვიხილოთ.
„მანჩესტერის“ ქომაგთათვის რონალდუს დაბრუნება კარგი ამბავია, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ, კლუბმა დაადასტურა, რომ დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ვეღარ ვიხილავთ პოლ პოგბას, რომელიც გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
„ექიმებმა გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო პერიოდის გასავლელად და კონდიციების აღსადგენად პოგბას მინიმუმ 4 კვირა დასჭირდება. პრემიერ ლიგის დასკვნითი ტური მაისის ბოლოს გაიმართება და არ მგონია, მან მიმდინარე სეზონში ჩვენი მაისურით თამაში შეძლოს“, - განაცხადა რანგნიკმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის და „არსენალი“ მისი უშუალო კონკურენტი გახლავთ. „მეთოფეები“ 57 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ და „წითელ ეშმაკებზე“ ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. ასე რომ, მარცხის შემთხვევაში, „იუნაიტედს“ დიდი ალბათობით, ლიგის საგზურთან გამომშვიდობება მოუწევს.