''ძლიერი და ნიჭიერია'' - დი მარციომ ხვიჩაზე ისაუბრა
იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ Canale Otto-ს პოდკასტში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კვარაცხელიას ''ნაპოლიში'' ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
''ხვიჩა კვარაცხელიას ''ნაპოლიში'' ტრანსფერი ფაქტობრივად დახურულია, მხოლოდ ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი. ყველა მეუბნება, რომ ''ნაპოლიმ'' ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელი დაიმატა. იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია დასჭირდება, თუმცა პროგრესისთვის საკმარისი პოტენციალი და შესაძლებლობები აქვს''.
შეგახსენებთ, რომ „კვარას“ „ნაპოლიში“ გადასვლაზე ისეთმა ცნობილმა ჟურნალისტებმა დაწერეს, როგორიც ფაბრიციო რომანო და ალფრედო პედულა არიან. ახლა მათ რიგებს ჯანლუკა დი მარციოც შეემატა, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო გიუნტოლიმ „კვარაზე“ ილაპარაკა. „პარტენოპეის“ ოფიციალური რადიოს ერთ-ერთ პროგრამაში სტუმრობისას გიუნტოლის ჰკითხეს, არის თუ არა კვარაცხელია ფეხბურთელი, რომელიც ნაპოლიმ ინსინიეს შემცვლელად შეარჩია, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ხვიჩას შესაძენად მაქსიმუმს გააკეთებს.
ფოტო: Eliga.ge