ჩავი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მეტოქემ მეტი დაიმსახურა
ჩავიმ „სოსიედადთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მოპოვებული ურთულესი 3 ქულა აღნიშნა.
„ამ მატჩმა ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებები დამიტოვა, ისევე როგორც ვილიარეალთან თამაშმა (3:1). შეხვედრის ბევრ ფაზაში მეტოქეს ბურთი ჩვენზე დიდი ხნით ჰქონდა, საკუთარი ნახევრიდან ბურთის ამოტანა გვიჭირდა. სოსიედადი დიდი გუნდია.
დაღლილობას ვგრძნობდით, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
მართალი გითხრათ, სოსიედადი ბევრ რამეში მეტს იმსახურებდა. მათ მეორე ტაიმში ფრე დაიმსახურეს. მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
გასული კვირა ძალიან გრძელი იყო, ბევრი სინანული მოგვიტანა, მაგრამ ამ ყველაფერმა დადებითიც მოგვცა.
ხუთი თვის წინ, როცა გუნდში მოვედი განსხვავებული სისტემა გვქონდა. მე მინდა, რომ მაღალი პრესინგი ვითამაშოთ და ბურთი სწრაფად დავიბრუნოთ. ფეხბურთელთა მონდომება შესანიშნავია, მათი დამოკიდებულება შექებას იმსახურებს. ჩვენი სპორტული პროექტის დასაწყისში ვართ და მოთმინება არის საჭირო.
ის, რომ ბარსელონას შეუძლია იბრძოლოს სასურველი შედეგისთვის, თუნდაც კარგად თამაშის გარეშე, რაღაც ახალია“,
- განაცხადა ჩავიმ.