მოსალოდნელი დაბრუნება: ერიქსენი ტოტენჰემში თამაშს დათანხმდა
Todofichajes-ის ცნობით, კრისტიან ერიქსენი თანახმაა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის ''ტოტენჰემში'' დაბრუნდეს.
გულთან დაკავშირებული პრობლემის მიუხედავად კრეატიული დანიელი ნახევარმცველი ფეხბურთს დაუბრუნდა, გასულ ზამთარში პრემიერ ლიგის ''ბრენტფორდს'' შეუერთდა, პრემიერ ლიგის 6 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.
30 წლის ერიქსენს ''ბრენტფორდთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ''ტოტენჰემს'' მის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევს.
2013-20 წლებში ერიქსენმა ''დეზების'' რიგებში 305 მატჩი ჩაატარა, 69 გოლი შეაგდო, 90 საგოლე პასი შეასრულა. მას ''ტოტენჰემთან'' ერთად ტიტული არ მოუგია, თუმცა 2018-19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, რაც მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის დიდი წარმატება იყო.
შეგახსენებთ, კრისტიან ერიქსენმა გულის შეტევა 2021 წლის 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ფინეთის ნაკრებთან შეხვედრის დროს მიიღო. სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, ფეხბურთელს რამდენიმე წუთის განმავლობაში გული გაუჩერდა, თუმცა ექიმების თავდაუზოგავი ძალისხმევის შემდეგ, საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა. შემდეგ ფეხბურთელმა მილანის ''ინტერთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და მიმდინარე წლის იანვარში ''ბრენტფორდთან'' ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა.