„ეს დისკრიმინაციაა“ - რუბლიოვი უიმბლდონზე რუსი სპორტსმენების არ დაშვებაზე
რუსმა ჩოგბურთელმა, ანდრეი რუბლიოვმა რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, უიმბლდონზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს არ დაუშვებენ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„მიზეზი, რომელიც გამოიყენეს აბსოლუტურად უაზრო და ალოგიკური იყო. ასეთი გამანადგურებელი ქმედებებით კონფლიქტი კი არ აღმოიფხვრება, პირიქით - სიძულვილი გაღვივდება. ჩოგბურთის ისტორიაში ბევრჯერ იყო მომენტი, როცა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა. ეს ხდებოდა ირანში, ავღანეთში, სირიაში, იუგოსლავიაში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ აქამდე არც ერთი ტურნირის ორგანიზატორებს არ დაუსჯიათ დისკვალიფიკაციით ამერიკელი, ბრიტანელი ან სხვა ეროვნების სპორტსმენები.
ეს ნამდვილი დისკრიმინაციაა და ჩვენს სპორტსმენებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ჩოგბურთის მმართველი ორგანიზაციების რეპუტაციას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვფიქრობ, არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა გვქონდეს. რაიმე შეთანხმება რომ ყოფილიყო, ან ჩვენთვის უიმბლდონზე გამომუშავებული თანხის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დასახმარებლად გადარიცხვა რომ შემოეთავაზებინათ, მგონია, ამას დავთანხმდებოდით. თანაც ეს საჩოგბურთო სამყაროსგან კარგი ჟესტი იქნებოდა. ჩემი აზრით, დაახლოებით, 1 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე შეგროვდებოდა და ეს საკმაოდ დიდი თანხაა“.
შეგახსენებთ, რომ New York Times-ის მიხედვით, უახლოეს მომავალში უიმბლდონის ხელმძღვანელები გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გათამაშებაში რუს და ბელარუს სპორტსმენებს მონაწილეობა აეკრძალებათ. შეზღუდვის მიზეზი უკრაინაში განვითარებული მოვლენებია, სადაც რუსი სამხედროები, თითქმის ორი თვეა სამხედრო აგრესიას ახორციელებენ.