სუპერლიგა, ა ლიგა, ასტრალი, კავკასია, ბექა წივწივაძე
Aa
Aa

ა ლიგა - კავკასიამ სუპერლიგის საგზური მოიპოვა

საკალათბურთო კლუბი “კავკასია” სუპერლიგის ახალი წევრია. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა “ა” ლიგა მოიგო და საქართველოს უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. კავკასიელებმა ფინალური სერიის მე-4 შეხვედრა ძალიან დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით – 77:76 (სტატისტიკა) მოუგეს “ასტრალს” და სერიაში 3:1 გაიმარჯვეს. არადა, ფინალური სერია ვატო თევზაძის გაწვრთნილი “ასტრალის” გამარჯვებით დაიწყო, რის შემდეგაც კავკასიელებმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგეს და სუპერლიგის 2022-2023 წლების სეზონში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მატჩი ისეთი დაძაბული გამოდგა, რომლის ანალოგიც მიმდინარე სეზონში ნამდვილად არ ყოფილა და წარსულშიც ძნელია ასეთი დრამატიზმით სავსე შეხვედრა გავიხსენოთ. შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე კავკასია 3 ქულით იგებდა, როცა ჯორდან გრანტი საჯარიმოს ხაზზე დადგა და 1 ბურთი ჩააგდო – 66:62. ასტრალის ლეგიონენრმა, ევან ჰინსომა ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წამით ადრე სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ასტრალელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და მაიკ ბალოგანმა ორივე საჯარიმო ჩააგდო – 68:65. დარჩენილ 5 წამში ასტრალის მოთამაშეებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს და მიქაელ უგრეხელიძემ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც “ასტრალი” უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ამან საქმეს არ უშველა. ქულა-ქულაში მიმდინარე ოვერტაიმის ბოლო წამებზეც ფრე იყო, როცა ჯორდან გრანტმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და კავკასია 77:76 დააწინაურა. ისევ ჰინსონმა მოიხელთა ბურთი, მაგრამ გამარჯვების სროლა ააცილა და გამარჯვებასთან ერთად სუპერლიგის საგზურიც კავკასიელებს დარჩათ.

მატჩის შემდეგ გაიმართა “ა” ლიგის გამარჯვებულთა დაჯილდოება. სპეციალური, სამახსოვრო მედალიონები კავკასიის გუნდის წევრებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა. მანვე კავკასიის გუნდის კაპიტანს, გიორგი რუხაძეს სუპერლიგის სიმბოლური საგზური, გამარჯვებულისთვის განკუთვნილი საჩემპიონო დაფა გადასცა. 

“ასტრალს” სუპერლიგაში გადასვლის შანსი დარჩა: საკვალიფიკაციო სერია, რომელიც 26 აპრილს დაიწყება, “ა” ლიგის ფინალში წაგებული გუნდი სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილზე გასულ “კაკტუსს”  დაუპირისპირდება. სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება და გამარჯვებული 2022-2023 წლების სეზონის სუპერლიგაში იასპარეზებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კარიერას სხვა გუნდში არ დავასრულებ" - შერმადინი საკუთარ მომავალზე