„უსულო და უგულო გუნდი" - მანჩესტერის ლეგენდებმა იუნაიტედი მიწასთან გაასწორეს
პრემიერ ლიგის 30-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში მოსისხლე მტრების, „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირება ვიხილეთ. მერსისაიდელებმა ფენომენალურად ითამაშეს და „წითელ ეშმაკებს“ შანსი არ დაუტოვეს - 4:0. „ნისლიან ალბიონზე“ რალფ რანგნიკის გუნდის ასპარეზობას დიდი კრიტიკა მოჰყვა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდებმა თავიანთი საყვარელი გუნდი მიწასთან გაასწორეს.
გარი ნევილი
„ეს კლუბი ფუნდამენტურად განადგურებულია. სტადიონი ნაწილ-ნაწილ იშლება, სავარჯიშო ბაზა სხვებთან შედარებით ძალიან დაბალ დონეზეა მოწყობილი, კლუბის მფლობელებს კი ყოველწლიურად 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი საკუთარ ჯიბეში მიაქვთ, როცა მანჩესტერში ინვესტიციების ჩადებაა საჭირო.
დღევანდელი მატჩი ნამდვილი კრახი იყო და მიმდინარე სეზონში მანჩესტერის მიერ ნაჩვენები თამაში განგაშის საფუძველს იძლევა. 42 წელია იუნაიტედის თამაშს ვუყურებ და უარესი ასპარეზობა არასდროს მინახავს. ეს გუნდი კი არა, ცარიელი ადგილია. დავიდ დე ხეას წინ მოთამაშე ფეხბურთელები ვერანაირ იმედს ვერ იძლევიან. ფეხბურთელები ფიზიკურად მზად არიან, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში დადიან! საუკეთესო შემთხვევაში კი სწრაფი ნაბიჯით დასეირნობენ. შეხედეთ შეტევასა და დაცვას შორის რამხელა უფსკრულია! ეს უბრალოდ დაუჯერებელია.’
როი კინი
„სეზონის სტარტზე მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგები გაბრაზებული იყვნენ, ახლა კი ერთადერთი, რასაც გრძნობენ, სევდაა. შეხედეთ დღევანდელ მანჩესტერს და ნახავთ, რომ ეს არის უგულო, უსულო და ულიდერო გუნდი, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები აკლია. ლივერპულთან მატჩის ბოლოს, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში გასაკვირი საერთოდ არაა და იგრძნობოდა, რომ მერსისაიდელებს ყოველ ჯერზე, როცა მეტოქის ნახევარზე გადადიოდნენ, გოლის გატანა შეეძლოთ.
მთელ კლუბში ქაოსია. დაწყებული მფლობელებით, დამთავრებული დირექტორთა საბჭოს წევრებითა და ფეხბურთელებით. მანჩესტერს ახალი მწვრთნელი სჭირდება და რამდენიმე ფეხბურთელის წასვლა და რამდენიმე ტრანსფერის გაკეთებაც აუცილებელია. ასეთ მდგომარეობაში მყოფი იუნაიტედის ხილვა ძალიან სამწუხაროა. ეს არაა გუნდი, რომლის რიგებშიც მე ვთამაშობდი და ეს არაა გუნდი, რომელიც სიამაყით თამაშობს. მანჩესტერს ლიდერი არ ჰყავს და აქ არ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც გამორჩეული ხასიათი აქვთ. როცა გუნდი რთულ ვითარებაში ხვდება, მანჩესტერი ნაწილ-ნაწილ იშლება და ამის ნახვა ძალიან სამწუხაროა“.
პოლ სქოულზი
„სიმართლე გითხრათ, ბრაზს აღარ ვგრძნობ და მანჩესტერის შემხედვარე მხოლოდ სევდა მეუფლება. ძალიან მინდა, რომ ფეხბურთელებისგან თავდადება ან სასურველი შედეგის დაფიქსირების მცდელობა მაინც დავინახო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მათ ურჩევნიათ, მანჩესტერის გარდა, ნებისმიერ სხვა ადგილას იყვნენ. მათ უნდათ, რომ სეზონი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს, ყველაფერი წარსულში დატოვონ და მომდევნო გათამაშებაზე გადაერთონ, მაგრამ დამალვა შეუძლებელია. ამ მანჩესტერის თამაშის ხილვა საზიზღრობაა“.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერს“ 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილს იკავებს. „წითელი ეშმაკები“ „ტოტენჰემს“ 3 ქულით ჩამორჩებიან და „დეზებს“ მათზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.