ჯას შოუ მინესოტასთან - მემფისმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა
„მემფის გრიზლისმა“ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ჯა მორენტის გუნდმა საკუთარ კედლებში გამართული მეორე შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა, კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია და მეტოქე 124:96 გაანადგურა.
ჯას ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოს იყო. მორენტმა აქტივში 23 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. მას ერთი მოხსნა დააკლდა, რათა „მემფისის“ პირველი კალათბურთელი გამხდარიყო, რომელიც პლეიოფში სამმაგ დუბლს გააკეთებდა. მორენტის გარდა, 16-16 ქულით ბეინი და ჯექსონი გამოირჩნენ, კლარკს, ტილმენსა და უილიამსს 13-13 ქულა ჰქონდათ.
TALK DAT TALK @JaMorant ????️ pic.twitter.com/W96GNUalTL
— Memphis Grizzlies (@memgrizz) April 20, 2022
„მინესოტას“ მხრიდან 20 ქულით ენტონი ედვარდსი გამოირჩა. კარლ ენტონი-თაუნსის 15 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. დიანჯელო რასელმა 11 ქულა დააგროვა, ხოლო პრინსისა და რიდის ანგარიშზე 12-12 ქულა იყო.
შეგახსენებთ, რომ „მემფისისა“ და „მინესოტას“ სერიაში ანგარიში თანაბარია - 1:1. 22 აპრილს, სერია მინესოტაში გადაინაცვლებს და „ტიმბერვულვზი“ მასპინძლის რანგში პირველ შეხვედრას გამართავს.