ჯიმი ბატლერის 45-ქულიანი მატჩი - მაიამიმ ატლანტა მეორედაც დაამარცხა
აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდმა, „მაიამი ჰიტმა“ პლეიოფის პირველი რაუნდის მეორე შეხვედრაც მოიგო. ფლორიდელების მეტოქე „ატლანტა ჰოუქსი“ გახლავთ და ერიკ სპოელსტრას გუნდმა ტრეი იანგი და კომპანია 115:105 დაამარცხა.
„მაიამის“ წარმატების მთავარი შემოქმედი ჯიმი ბატლერი გახლდათ. ამ უკანასკნელმა NBA-ის ისტორია დაწერა, შესანიშნავად იასპარეზა და აქტივში 45 ქულა (პლეიოფში საუკეთესო შედეგი), 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. ბატლერი NBA-ის ისტორიაში მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 45 ქულა დააგროვა და არც ერთხელ დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს. მან დომინიკ უილკინსის მიღწევა გაიმეორა.
The Jimmy Butler game.
— Overtime (@overtime) April 20, 2022
45 PTS (Playoff career-high)
5 REB
5 AST
15/25 FG
4/7 3PT
Heat handle business at home and take 2-0 series lead to Atlanta ???? pic.twitter.com/FS5DLGJxVg
ჯიმის გარდა, ტაილერ ჰირო გამოირჩა, რომელმაც სათადარიგოთა სკამიდან 15 ქულა ჩააგდო, მაქს შტრუსის ანგარიშზე კი 14 ქულა იყო. „ატლანტას“ მხრიდან საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი გახლდათ - 29 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი. ტრეი იანგმა 25 ქულა დააგროვა, თუმცა 10 დაკარგვა ჰქონდა და 10 სამქულიანიდან მხოლოდ 2 ჩააგდო, ჰანტერისა და კოლინსის ანგარიშზე კი 16 და 13 ქულა იყო.
შეგახსენებთ, რომ ფლორიდაში გამართული ორი მატჩის შემდეგ, სერია ჯორჯიაში გადაინაცვლებს, სადაც „ატლანტა“ მასპინძელი იქნება და მესამე შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება.