,,სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ მითხრა, მე აქ ჩემს თავს აუცილებლად წარმოვაჩენო
Aa
Aa

,,სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ მითხრა, მე აქ ჩემს თავს აუცილებლად წარმოვაჩენო" -აგენტი

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას ყურადღება ჯერ კიდევ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლოკომოტივის მაისურით, გრანადას წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიპყრო. მიუხედავად იმის, რომ ამ მატჩში ლოკომოტივი დამარცხდა (2-0), გიორგი მაინც გამორჩეული იყო. მოგვიანებით, კონტრაქტი გაფორმდა და გიორგი მამარდაშვილის დებიუტი, ვალენსიას მაისურით, 2021/22 წლების სეზონის ლა ლიგაში, ხეტაფეს წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში, 20 წლის შემდეგ, 20 წლის მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი ითამაშა, შემდეგ მადრიდის რეალთან და სევილიასთან რამდენიმე შეცდომა დაუშვა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. 

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. 18 აპრილის გადაცემის სტუმარი საფეხბურთო აგენტი, ლევან სეთურიძე იყო, რომელმაც მამარდაშვილის მენტალური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და გაიხსენა პერიოდი, როდესაც გიორგის სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მოუწია:

,,გიორგი ასაკით პატარაა, მაგრამ გამოწვევებს ღირსეულ პასუხებს სცემს. აქ წნეხზე აღარ არის საუბარი, საუბარი არის შანსზე, რომელიც გიორგიმ კარგად გაიაზრა, ჩაწვდა და გამოიყენა.

სევილიასთან მატჩი იყო ის, რის გამოც, გიორგიმ სათადარიგოთა სკამზე 4 თვით გადაინაცვლა. რეალთან და სევილიასთან მატჩების დროს, მის გვერდით ვიყავი. ამ დროს გიორგის გული მხოლოდ იმაზე წყდებოდა, რომ რეალთან გამარჯვებამდე მხოლოდ 8 წუთი დააკლდა. მასთან საუბრები გამუდმებით მქონდა, ამ პერიოდში ცხვირი არასოდეს ჩამოუშვია და ყოველთვის ამბობდა, რომ დაბრუნდებოდა. მითხრა: მე აქ ჩემს თავს წარმოვაჩენ-ო. მისი მჯეროდა, მან ის შანსი დაიმსახურა, რომელიც ვალენსიასგან მიიღო.

როცა 4-თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი დაბრუნდა და ვალენსიას ხელმძღვანელობას შევხვდი, ყველაფერი მათთვისაც ნათელი იყო. გიორგიმ ყველა კითხვას ამდენი მოცდით, ამდენი სწორი მუშაობით, ამდენი ვარჯიშით, ამდენი მოთმინებით, პასუხი თავად გასცა.

მე და გიორგის ზომიერი ურთიერთობა გვაქვს, ის ძალიან კარგი იუმორით გამოირჩევა და უერთგულესი ადამიანია. პრინციპები აქვს და არ ღალატობს, მისი ორიენტირი კი ოჯახია. როგორიც მე ვარ, მასშიც იგივე დავინახე: ვერ აღვიქვამ, რომ მისი აგენტი ვარ, რადგან  იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიყვარს, გიორგი ოჯახის წევრივით მყავს, მე ყოველთვის მაქვს მისი იმედი, მას კი ჩემი იმედი აქვს".

გიორგი მამარდაშვილს გასული წლის სექტემბრის შემდეგ ვალენსიას რიგებში მატჩი ჩატარებული არ ჰქონდა, თუმცა ლა ლიგის 23-ე ტურის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი კვლავ ქართველ მეკარეს ენდო და ესპანეთის თასზეც სწორედ ქართველი ,,ღამურა" ვიხილეთ - საქართველო ნაკრების მეკარემ ესპანურ გუნდში პირველობა დაიბრუნა და ესპანეთის თასის ფინალისთვის ემზადება.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის TOP 5 ჩემპიონატში ითამაშა. 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თელავის U17 სტადიონზე არ მივიდა, რადგან არ იცოდა, რომ მატჩი ჰქონდა
თელავის U17 სტადიონზე არ მივიდა, რადგან არ იცოდა, რომ მატჩი ჰქონდა