ანალიზი - რატომ იყო ტევესი უფრო მნიშვნელოვანი იუვესთვის, ვიდრე რონალდუ?
კარლოს ტევესმა „იუვენტუსის“ ისტორიაში საკუთარი სახელი საკმაოდ დიდი ასოებით ჩაწერა. გამოცემა Football Italia კი ანალიზს გვთავაზობს სათაურით:
„რატომ იყო ტევესი იუვესთვის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რონალდუ“?
დავბრუნდეთ 2013 წლის ივნისში, როდესაც „ელ აპაჩე“ „ბიანკონერის“ შეუერთდა. ტურინელთა გულშემატკივრებს მისი გადმოსვლა დიდად არ გახარებიათ, რადგან თვლიდნენ, რომ ტევესის საუკეთესო წლებმა „მანჩესტერ სიტიში“ უკვე ჩაიარა. „ბებერ ქალბატონს“ ჯამში არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა.
პირველ სეზონში, ყოფილმა ფეხბურთელმა 34 მატჩში 19 გოლი გაიტანა და იუვეს სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. ის ასევე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ტევესმა გოლი სუპერ კოპას ფინალშიც გაიტანა, სადაც „ბიანკონერიმ“ „ლაციო“ 4:0 დაამარცხა. საერთო ჯამში „ელ აპაჩემ“ პირველივე წელს 2 ტიტული მოიპოვა.
მომდევნო სეზონი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა. 32 მატჩი და 20 გოლი. ტევესმა ჩემპიონთა ლიგაზეც გაიბრწყინა და საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანა. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი თამაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. ასევე, ფინალში, „ბარსელონასთან“ ყველაზე აქტიური იყო და მორატას გოლში დიდი წვლილი შეიტანა. მათდა სამწუხაროდ „იუვენტუსი“ 1:3 დამარცხდა.
შესანიშნავი ორი სეზონის შემდეგ, 2015 წელს კარლოსმა იტალიური გრანდი დატოვა. 3 წლის შემდეგ, „იუვენტუსის“ მაისური კრიშტიანუ რონალდუმ მოირგო და დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა მთავარი მიზანი მაინც არ შესრულდა. „ბიანკონერიმ“ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თამაშში ბევრი არაფერი შეცვლილა. მას მაინც ბევრი გოლი გაჰქონდა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. 134 მატჩში 100 გოლი. ყველას ეგონა, რომ ვეტერანი თავდამსხმელი გახდებოდა ის ფეხბურთელი, რომელიც „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებდა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო და მეტიც, „ბებერი ქალბატონი“ ისეთი გუნდების წინააღმდეგ გამოვარდა, როგორებიც „აიაქსი“, „ლიონი“ და „პორტუ“ არიან.
რონალდუს კოლოსალური ხელფასი ჰქონდა და მისი ანაზღაურება გუნდის განვითარებას ხელს უშლიდა. კლუბი ტრანსფერებს ვეღარ ახორციელებდა და ამის გამო ბევრი პრობლემა შეიქმნა. რეალურად აღმოჩნდა, რომ გაცილებით დაბალ ანაზღაურებად კარლოს ტევესს უფრო დიდი გავლენა ჰქონდა კლუბზე, ვიდრე კრიშტიანუს. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელმა იდენტური ტიტულები მოიგო. 2 სერია ა, ორი კოპა იტალია და ერთი იტალიის სუპერ თასი. პორტუგალიელი „იუვენტუსის“ დაცემისას უბრალოდ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.