„მარტო რუს მებრძოლებს კი არა მთელ რუსეთს დასცინა“ - რუსული გამოცემა მერაბზე
რუსული Sovsport.ru პიოტრ იანის მომდევნო მეტოქეებზე წერს და რუს მებრძოლთან ჩხუბის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მერაბ დვალიშვილს ასახელებს. გამოცემა „მანქანას“ ვრცელ სტატიას უძღვნის და აცხადებს, რომ UFC ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
„მერაბ დვალიშვილის განცხადებები საკმაოდ უცნაური ხასიათისაა. ყინულისმჭრელი - მეტსახელი, რომელიც მან ცნობილი ინციდენტის შემდეგ მიიღო, პიოტრ იანისა და რუსი მებრძოლების მისამართით უღირს განცხადებებს აკეთებს. მან არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ მთელ რუსეთს დასცინა (იგულისხმება კომენტარი, რომელიც მერაბმა სტერლინგის გამარჯვების შემდეგ გააკეთა: „რუსეთო სცადე კავკასიელების გარდა, რომლებიც რეალურად რუსები არ არიან, ერთი კარგი მებრძოლი მაინც გყავდეს. ეს შეუსრულებელი გამოწვევაა"). სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ მეტოქეებზე საუბარი იანსაც უყვარს, მაგრამ მათ სამშობლოსა და თანამემამულეებს არასდროს ეხება. დვალიშვილის ყველა განცხადება სკანდალს იწვევს და მათ უამრავი კომენტარი მოჰყვება ხოლმე.
მისი სიტყვების ციტირებას აზრი არ აქვს. ყინულისმჭრელი UFC-ის რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს და ჯერჯერობით იანთან არ უნდა იჩხუბოს, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ეს ბრძოლა უახლოეს პერიოდში გაიმართება. შესაძლოა, მერაბი თავის მეგობარს, ალჯამეინ სტერლინგს მხარს ემოციურად უჭერს და ასე ამიტომ იქცევა, მაგრამ მას არავინ შეხებია, ასეთ განცხადებებს კი ერთ წელზე მეტია აკეთებს და ახლა უბრალოდ ყველაფერმა რადიკალური ხასიათი მიიღო“,- წერს რუსული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ Sovsport-მა მერაბის შესახებ სტერლინგისა და იანის სატიტულო ბრძოლამდეც დაწერა. მაშინ რუსულმა გამოცემამ აღნიშნა, რომ მისი განცხადებები ალოგიკურია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.