ჰამილტონი: ''დიდი ხანია, მენტალურად და ემოციურად ვიბრძვი''
ბრიტანულ მედიის ცნობით, ლუის ჰამილტონმა შესაძლოა ფორმულა 1 დატოვოს. ახლახანს ბრიტანელმა Instagram-ში ''სთორი'' გამოაქვეყნა, მან მენტალურ პრობლემებზე ისაუბრა. ჰამილტონის თქმით, მენტალური პრობლემები მისთვის ძალიან ნაცნობია და დიდი ხანია ასეთ სირთულეებთან გამკლავება უწევს.
''ეს უკვე საკმაოდ რთული წელია იმ ყველაფერთან ერთად, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ზოგჯერ ძალიან რთულია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. მენტალურად და ემოციურად ვიბრძვი, ამ მხრივ პრობლემები მაქვს უკვე საკმაოდ დიდი ხანია. უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რომ ბევრი რამე გავაკეთოთ და ბევრ რამეს მივაღწიოთ.
ამას ვწერ იმიტომ, რომ ეს გზა ყველასთვის ნაცნობია, ასეთი განცდები ყველასთვის ნორმალურია. ჩვენ ყველამ ეს სირთულეები ერთად უნდა გადავიტანოთ, ამ პრობლემებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ''.
ჰამილტონისთვის მიმდინარე წელი წარუმატებელია, მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონმა სეზონის პირველ რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა (ბაჰრეინი), საუდის არაბეთში კი მე-10 ადგილზე გავიდა. ''სანის'' ცნობით, თუ ჰამილტონი შედეგს არ გამოასწორებს, ფორმულა 1-ის დატოვება ძალიან რეალური იქნება, თუმცა ისიც უნდა აღინოშნოს, რომ სპორტსმენი არ აკონკრეტებს თუ რა იწვევს მის მენტალურ პრობლემებს, სპორტულ კარიერაში განცდილი წარუმატებლობა თუ სხვა ცხოვრებისეული საკითხები.