„ფანტასტიკური შანსი მივიღეთ, რუბინში აღარ დაბრუნდება" - ლადო დვალიშვილი ხვიჩაზე
„დინამო ბათუმის“ სპორტულმა დირექტორმა, ლადო დვალიშვილმა SeriaAnews.com-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. დვალიშვილის სიტყვები რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ გაავრცელა და მან დაადასტურა, რომ „კვარა“ „რუბინში“ დაბრუნებას არ აპირებს.
„მისი აგენტი ჩემი ძველი მეგობარია და მითხრა, რომ ხვიჩას ბათუმში გადაყვანის შანსი გვქონდა. ძალიან გამიხარდა, როცა ეს გავიგე და მაშინვე დადებითი პასუხი შევუთვალე. კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ და ამ ზაფხულს კვარაცხელიას ბევრი საინტერესო რამ ელოდება.
ხვიჩა თავად გადაწყვეტს, სად წავიდეს. ჩვენ ფანტასტიკური შანსი გვქონდა, რომელსაც ხელიდან ვერ გავუშვებდით. მან თავის კლუბთან შეთანხმებას მიაღწია და რუბინში აღარ დაბრუნდება. ხვიჩამ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დავიმატეთ. ვფიქრობ თუ არა, რომ ნაპოლიში გადავა? ეს შეკითხვა მის აგენტსა და თავად ხვიჩას უნდა დაუსვათ. ბედნიერი ვიქნები კვარაცხელია ისეთ პრესტიჟულ კლუბში თუ გადავა, როგორიც ნაპოლია, მაგრამ მასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია.“
შეგახსენებთ, რომ დღეს, იტალიურ პრესაში ხვიჩაზე ახალი ინფორმაცია დაიწერა. AreaNapoli.it-ის ინფორმაციით, მას თვალს ლონდონის „არსენალი“ ადევნებს და შესაძლოა, „მეთოფეებმა“ „პარტენოპეის“ კონკურენცია გაუწიონ.