კუნთის გაწყვეტა არ დადასტურდა - კობოური მძიმე ტრავმას გადაურჩა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჩეხური ''კარვინას'' მცველი დავით კობოური ჩეხეთის ჩემპიონატში მიღებული ტრავმის შემდეგ კუნთის გაწყვეტას გადაურჩა. ამ ეტაპზე ტრავმის ზუსტი დიაგნოზი ცნობილი არაა, გამოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა დაზუსტებულია, რომ მას კუნთი არ გაუწყდა, ყველაზე ცუდი ვარიანტი გამოირიცხა.
შეგახსენებთ, ჩეხეთის ჩემპიონატში ოსტრავას ''ბანიკი'' შინ ''კარვინასთან'' 1:3 დამარცხდა. სტუმართა სასტარტოში დავით კობოური მოხვდა, რომელიც ტრავმის გამო 36-ე წუთზე შეცვალეს.
ტრავმის გამო კობოურმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება გამოტოვა. სანიოლმა კობოურის არყოფნაში ბათუმის ''დინამოს'' მცველი მამუკა კობახიძე გამოიძახა.
დავით კობოური თბილისის ''დინამოს'' საკუთრებაა, სეზონის ბოლომდე იჯარით ჩეხური კლუბის მოთამაშეა. მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 200 000 ევროა. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, დაინტერესებული კლუბი ზაფხულში კობოურს გამოისყიდის.
24 წლის ფეხბურთელმა ჩეხეთის ფორტუნა ლიგის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.