„რუბინიდან კარგ მოსკოვურ კლუბშიც შეეძლო წასვლა და ევროპაშიც“ - კავაზაშვილი ხვიჩაზე
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. კავაზაშვილი Матч ТВ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხვიჩას ოჯახი ზეწოლის ქვეშ იყო და სანაკრებო პაუზის შემდეგ, მისი ყაზანურ კლუბში დაბრუნების შანსი ძალიან მცირე გახლდათ.
„ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ვფიქრობ, საუბარი ერთეულ ადამიანებზე გვაქვს, რომლებსაც შეუძლიათ, ასე მოიქცნენ და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები შეაშინონ. ეს ნამდვილი დანაშაულია და ასე არ შეიძლება! დღესდღეობით, საქართველოში 30 000-ზე მეტი რუსი იმყოფება და გავიგე, რომ რამდენიმე რესტორანი ხულიგნობით არის დაკავებული და რუსების მომსახურეობაზე უარს ამბობს, თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია. დანარჩენი ქართველები ყველაფერს ადამიანურად უდგებიან და სჯიან მათ, ვინც მსგავს რაღაცებს წერს.
აღშფოთებული ვარ! ასე როგორ შეიძლება? ოჯახზე განხორციელებული მუქარა არა მხოლოდ არასწორი ქმედებაა, არამედ ისინი, ვინც ასე იქცევიან, ციხეში უნდა მოხვდნენ. რუსების ქართველებთან დაპირისპირების მცდელობა და ქართველების რუსებთან დაპირისპირების მცდელობა ნამდვილი აბსურდია! ჩვენ მართმადიდებელი ხალხი ვართ და მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს მხარში ვუდგავართ.
გაიგეთ, რომ ამ მომენტში ხვიჩას კი არა, მის ოჯახსა და ნათესავებს ემუქრებიან. თუ კვარაცხელია საქართველოში არ დარჩება და რუბინში დაბრუნდება, შესაძლოა, მათ რაღაც დაემართოთ. ვფიქრობ, მას რუსეთის დატოვება მოუწევს და ეს რუბინისთვის, რომელიც რთულ მდგომარეობაში იმყოფება, ძლიერი დარტყმა იქნება. ხვიჩა კარგი ბიჭია და სამწუხაროა, ასეთ ასაკში უკანმოუხედავად გაქცევას რომ აიძულებენ, იქ, სადაც მას წასვლაც კი არ უნდა. რუსეთში იგი თავის ოსტატობას ანვითარებს და რუბინის შემდეგ კარი როგორც კარგ მოსკოვურ კლუბში, ისე ევროპაში ჰქონდა ღია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ხდება.“
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ალფრედო პედულამ დაწერა, რომ კვარაცხელიას გადაბირება „ნაპოლის“ სურს და მას ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრებს.