3 ახალი მოედანი - ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრებები წყალტუბოში ივარჯიშებენ
Aa
Aa

3 ახალი მოედანი - ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრებები წყალტუბოში ივარჯიშებენ

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო 2023 წელს იქნება. 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

თავდაპირველად, ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა, თუმცა UEFA-ს საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.

გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან  წყალტუბოში 3 სავარჯიშო მოედნის განათებებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვა იგეგმება. მოედნებზე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ივარჯიშებენ, ხოლო შეხვედრებს ქუთაისში გამართავენ.

გეგმის მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს, ხოლო 2023 წელს - დასრულდეს.

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს, UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა.

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში 2-2 ჯგუფი ჩატარდება.

ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 3 ქალაქის 4 სტადიონზე გაიმართება. მათ შორის: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ქვეყნის დედაქალაქში 2 სტადიონი დაიტვირთება - ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მაისური და კაპიტნის სამკლავური მისახსოვრა
,,მაისური და კაპიტნის სამკლავური მისახსოვრა" - ტორპედოში 12-ნომრიანი მაისური უქმდება