სამგურალი მატჩებს ზესტაფონში ჩაატარებს - იხსნება ფან-შოპი, გაიყიდება ბილეთები
2022 წლის საფეხბურთო სეზონი 20 თებერვალს, სუპერთასის მატჩით განახლდება, სადაც საქართველოს ჩემპიონი, დინამო ბათუმი საქართველოს თასის მფლობელ თბილისის საბურთალოს დაუპირისპირდება.
საქართველოს რანგით უმაღლესი ლიგა, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სტარტს 25 თებერვალს აიღებს, ხოლო კრისტალბეთ ლიგა 2-ის განახლების თარიღი 1 მარტია.
სეზონის განახლების წინ, გუნდებში სხვადასხვა საინტერესო ამბები ხდება.
სეზონის განახლების წინ, სიახლეებია წყალტუბოს სამგურალის რიგებშიც - ცნობილი გახდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუნდი 1 მარტამდე წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშებს, შემდეგ კი, საშინაო მოედნის მოწესრიგებამდე, წვრთნებს ზესტაფონში გამართავს. სამგურალი ჩემპიონატის მატჩებსაც სწორედ ზესტაფონში ჩაატარებს.
კარგია, რომ პირველ ეტაპზე ინდივიდუალური სკამებისა და სტადიონის შემოღობვის პრობლემა მოგვარდა. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აუცილებელი პირობა იყო. ახლა მოედნის საფარიც გამოიცვლება და გუნდი მაისში საკუთარ ქალაქს დაუბრუნდება. შემდეგი ეტაპი განათების გაკეთება იქნება და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხიც დადებითად გადაწყდება.
საკუთარ არენაზე დაბრუნების შემდეგ ბილეთების რეალიზაციას ვგეგმავთ, ეს კლუბითვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხები მთლიანად სტადიონის მოვლასა და წყალტუბოში ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება. ასევე, მიმდინარე წლის მაისიდან სტადიონის ტერიტორიაზე ფან-შოპის გახსნას ვგეგმავთ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები გვერდით დაგვიდგებიან და წარმატებებს ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ, - განმარტავს სამგურალის პრეზიდენტი, მიხეილ იაშვილი.
სულ მალე, წყალტუბოს 3 000 გულშემატკივარზე გათვლილი, რეაბილიტირებული 26 მაისის სახელობის სტადიონი ექნება.
წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდა. ტრიბუნების, ლოჟების, სარბენი ბილიკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 458 000 ლარი გამოიყო, ხოლო სხვა საჭირო ვალდებულება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაფარა. მაშინ სამგურალმა საშინაო შეხვედრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარა.
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში სამგურალმა თავი 41 ქულას მოუყარა და სატურნირო ცხრილი მე-7 ადგილით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც იასპარეზა. წყალტუბოს წარმომადგენელი ფინალში ზედიზედ მეორედ იყო, თუმცა კვლავ დამარცხდა - გადამწყვეტი მატჩი საბურთალომ ანგარიშით - 0-1 მოიგო და საქართველოს თასს ისტორიაში მეორედ დაეუფლა.