„ბინძური ბავარიელი ღორები“ - ლევანდოვსკის, ნოიერსა და გნაბრის მოკვლით დაემუქრნენ
გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბმა, „სანქტ-პაულმა“ ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც „ბაიერნის“ ფეხბურთელებს, რობერტ ლევანდოვსკის, მანუელ ნოიერსა და სერჟ გნაბრის მოკვლით ემუქრებიან. ჰამბურგის პოლიციას გამოძიება დაწყებული აქვს და „რეკორდმაისტერი“ და გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია საქმის კურსში არიან.
BILD-ის ინფორმაციით, წერილის სათაური ასეთი გახლავთ - „გადაარჩინეთ ჩემპიონატი! გადაარჩინეთ ფეხბურთი! ცეცხლი და სიკვდილი ბინძურ ბავარიელ ღორებს.“ როგორც ირკვევა, წერილის ავტორი სამ ფეხბურთელს, ლევანდოვსკის, ნოიერსა და გნაბრის გამოყოფს და მათი სიკვდილი სურს. გარდა ამისა, ავტორი ბუნდესლიგის მსაჯებსაც ემუქრება.
პოლიციის წარმომადგენელმა BILD-თან საუბარში განაცხადა, რომ სამართალდამცველები ყველანაირ ზომებს იღებენ, რათა წერილის გამომგზავნის ვინაობის დადგენა მოხდეს. საქმეში გერმანიის სხვადასხვა ქალაქის პოლიციელები არიან ჩართული და ჯერჯერობით უცნობია, წერილი „სანქტ-პაულმა“ რატომ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგის 32-ედ მოსაგებად იბრძვის და „დორტმუნდს“ 6 ქულით უსწრებს „რეკორდმაისტერს“ წარმატების მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლია და უახლოეს საათებში, „ზალცბურგის“ წინააღმდეგ მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს.