,,მაისური და კაპიტნის სამკლავური მისახსოვრა
Aa
Aa

,,მაისური და კაპიტნის სამკლავური მისახსოვრა" - ტორპედოში 12-ნომრიანი მაისური უქმდება

ტორპედომ გულშემატკივრის საპატივსაცემოდ 12-ნომრიანი მაისური გააუქმა - ამის შესახებ კლუბმა ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა, მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და დაწერა:

ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა საპატივსაცემოდ 12-ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ტორპედო აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში სამაგალითო გულშემატკივრობის ნათელი გამოვლინება, ბევრჯერ დაეხმარა კლუბს, დასახული მიზნების მიღწევაში.

ამ ქმედებით, მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს. „ჯუნგლების“ იმ მრავალრიცხოვან ფანკლუბს, რომლიც 1960 წლიდან, ტორპედოს გვერდში დგას!

წინ ერთად დიდი გზაა გასავლელი! ერთად ბევრს შევძლებთ! გელოდებით სტადიონზე ჩვენს მეთორმეტე მოთამაშეებს!

ქუთაისის ტორპედოს ფან-კლუბმა (,,ჯუნგლები") და კლუბმა გუნდისთვის მძიმე პერიოდი ერთად გამოიარეს და რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლეს. თითოეული მათგანი კლუბის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

2002-დან 2017 წლამდე გუნდს უმაღლესი ლიგის ტიტული აღმართული არ ჰქონია. შემდეგ, ეს კახა ჩხეტიანის ფორმაციის ტორპედომ შეძლო. მატჩი, რომელიც დინამო თბილისის წინააღმდეგ შედგა დრამატული გამოვიდა: ტორპედოს მეკარე და კაპიტანი, როინ კვასხვაძე ბოლო იყო, რომელიც ბურთს შეეხო - დინამო თბილისის კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია და ქუთაისელი გულშემატკივარი წლების განმავლობაში ნანატრი ჩემპიონობით გაახარა. 

ფან-კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ქიმუცაძემ გამორჩეული მომენტი ტატუდ აქცია, რითაც ბრიტანელი ჟურნალისტის ყურადღება დაიმსახურა.

CrystalSport-ი სწორედ გია ქიმუცაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ესაუბრა.

ტატუ - ისტორიული მომენტის აღსანიშნად

თავიდან ტატუს იდეა არ მქონია. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2017 წელს, როცა საჩემპიონო მარათონში ტორპედო დინამოს მთელი 9 ქულით ჩამორჩებოდა, ერთ დღეს ფანებთან ერთად ვთქვი, რომ თუ წელს ჩემპიონები გავხდებოდით, ტორპედოსთან დაკავშირებულ რაიმე, გრანდიოზულ ტატუს გავიკეთებდი. საბედნიეროდ, ასეც მოხდა და იმ წელს შეუძლებელი ერთად შევძელით - 14 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულ კლასიკოში, დინამო არენაზე გამარჯვებით ვიზეიმეთ ჩემპიონობა. რა თქმა უნდა, საფეხბურთო კუთხით, ამაზე უკეთესს ვერაფერს ვისურვებდით.

ტატუს იდეა იმ მომენტში გაჩნდა - როდესაც კვასხვაძემ ბოლო წამზე კიტეიშვილის პენალტი მოიგერია,ეს წამები მეორე დღესვე გულზე ტატუდ ვაქციე,  სამუდამოდ გულთან ახლოს რომ მქონოდა. 

რა თქმა უნდა, კვასხვაძემ ამის შესახებ იცის. მან ზუსტად ის მაისური, თავის კაპიტნის სამკლავურთან ერთად მისახსოვრა,  რომელიც ამ ისტორიულ დღეს ეცვა. მითხრა კიდეც: ,, საფეხბურთო კუთხით ეს ტატუ ყველაზე დიდი საჩუქარია-ო".

გადაწყვეტილება, რომელიც კლუბს ეკუთვნის

კლუბის გადაწყვეტილებას ასეთი ფორმით არ ველოდით და ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ტორპედომ  ეს  ჩვენდამი პატივსაცემის ნიშნად გააკეთა და რა თქმა უნდა, კლუბის მხრიდან ყველა იმ ჟესტს მივესალმებით, რომელიც გულშემატკივრის მიმართ ხაზს დადებით დამოკიდებულებას გაუსვამს.

ფან-კლუბი, როგორც კლუბის განუყოფელი ნაწილი

,,ჯუნგლების" ისტორია მრავალ წელს ითვლის. ფან-კლუბი 1960 წელს შეიქმნა, დღემდე არსებობს და  დავიწყება არ უწერია. კონკრეტული ციფრის ასე დასახელება, თუ რამდენ წევს აერთიანებს ფან-კლუბი რთულია, თუმცა ამ ქალაქში არ არსებობს ოჯახი, სადაც ტორპედო არ უყვართ. ეს რამდენიმე თვის წინ, მერანთან თამაშმაც გვიჩვენა, როდესაც გუნდს გაუჭირდა ტრიბუნები გადაიჭედა და საოცარი ატმოსფერო შეიქმნა. 

როდესაც მარტვილში, მერანის წინააღმდეგ 2-0 დავმარცხდით,  არცერთ გულშემატკივარს არ დაგვიშვია ის, რომ შეიძლებოდა ტორპედო ლიგა 2-ში დაქვეითებულიყო და ეს ბარიერი ვერ გადაელახა. ვიცოდით, რომ წინ ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და 90 წუთი იყო. გახსოვთ ალბათ, ეს ჩვენს ფან - ფეიჯზე დავწერეთ კიდეც და მარტვილის მერანს საპასუხო მატჩში საფეხბურთო ჯოჯოხეთს დავპირდით, რასაც თავადაც ნახავდით, რომ შევასრულეთ.

რა თქმა უნდა, ამ მატჩის  წინ გუნდს შევხვდით და გავამხნევეთ, ასევე, თამაშის დღესაც საუცხოო დახვედრა მოვუწყვეთ, ქალაქში საოცარი საფეხბურთო გარემო დილიდანვე შევქმენით, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო, 90 წუთში ვერა, თუმცა 120 წუთში უდიდესი საქმე ერთად გავაკეთეთ.

 რაც შეეხება სტუმრად გამართულ მატჩებს, ტორპედოს გასვლით მატჩებს  განსაკუთრებით ველით ხოლმე, რადგან გულშემატკივრისთვუს ყველა გასვლა ახალი თავგადასავალია, შესაბამისად, მზადებას რამდენიმე დღით ადრე ვიწყებთ - რაც შეილება მეტნი წავიდეთ, რომ ჩვენმა ბიჭებმა სხვა ქალაქში თავი მარტოდ არ იგრძნონ. გუნდიც და ფანებიც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი კლუბისა და ქალაქის სახელი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

ფან-კლუბისა და გუნდის ახალი ხელძღვანელების ურთიერთობა

ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრები და საინტერესო საუბრები გვქონდა, თუმცა რას დაგვპირდნენ დეტალურად ვერ გავაჟღერებ. ითქვა, რომ ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდება  და ამ ყველაფერს უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, ყველა ერთად ვნახავთ. ფაქტია,  ძალიან მცირე დროში შეძლეს და გუნდი უდიდესი კრიზისიდან ამოუყვანეს, ამის გარდა, დააკომპლექტდეს შემადგენლობა, რომელიც ამ სეზონშივე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს - ამაში დარწმუნებული ვარ. მოკლედ, გვჯერა ამ ხალხის და სამომავლოდ დიდი იმედებით ვარ.

ტორპედოს ახალი მფლობელი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მეორე აუქციონზე ერთადერთი დაინტერესებული მხარე აღმოჩნდა და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი რამდენიმე თვის წინ გახდა. კლუბის რეორგანიზაციაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის ჩემპიონატი სტარტს 26 თებერვალს აიღებს. ტორპედო პირველ შეხვედრას 27 თებერვალს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

რიგით 82-ე კლასიკო თბილისში, დინამო არენაზე, 20:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დათუნაშვილის მოგონება: ,,ერთმა შეცდომამ საქართველოს ჩემი თავი არასწორად გააცნო
დათუნაშვილის მოგონება: ,,ერთმა შეცდომამ საქართველოს ჩემი თავი არასწორად გააცნო"