ლილუაშვილი: ''კარლსრუესთან შეთანხმება შედგა, წულუკიძე ვიზის მოლოდინშია''
''საბურთალოს'' აღზრდილი ლუკა წულუკიძე გერმანულ ''კარლსრუეში'' გადასვლასთან ახლოსაა. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემტევი, რომელმაც ახლახანს ისრაელთან ჰეთ-თრიკი შეასრულა, სამუშაო ვიზის მოლოდინშია, რომლის მიღების შემდეგ გერმანულ კლუბში ოფიციალურად ჩარიცხვის უფლებას მიიღებს.
18 წლის ფეხბურთელის აგენტი ირაკლი ლილუაშვილი CrystalSport-ს ტრანსფერთან დაკავშირებულ დეტალებზე ვრცლად ესაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქართველი ფეხბურთელებისთვის არაევროკავშირელის სტატუსი ევროპულ კლუბში მოწყობის კუთხით დიდ პრობლემად რჩება.
ირაკლი ლილუაშვილი: ''კარლსრუე'' ლუკა წულუკიძეს გარკვეული პერიოდი აკვირდებოდა, შემდეგ კი გერმანიაში 10-12 დღით იმყოფებოდა. გერმანულ გუნდში ლუკას ფიზიკური მონაცემები, კუნთების პოტენციალი და ბევრ სხვა მონაცემი შეისწავლეს, მას ყველანაირი კვლევა ჩაუტარეს. გერმანულ კლუბთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. ლუკა ''საბურთალოს'' აღზრდილია და ყველაფერს თბილისურ კლუბთან შეთანხმებით ვაკეთებთ.
ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ვაწყდებით, ბიუროკრატიული საკითხია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არაა, არაევროკავშირელის სტატუსი ტრანსფერების განხორციელებისას დიდი პრობლემაა. როგორც კი ლუკა სამუშაო ვიზას მიიღებს, გერმანიაში თამაშის უფლება ექნება. სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით საიმიგრაციო სამსახურში განცხადება შეტანილია, ეს არ იქნება პატარა პროცესი.
გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხია. ლუკა 18 წლის 8 თებერვალს გახდა, გერმანიაში კი სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს დაიკეტა. ახალი რეგულაციის მიხედვით, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა ღია არაა, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტიც რომ იყოს, ტრანსფერი ვერ განხორციელდება, 18 წლის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა გახდეს და თუ ფანჯარა დაკეტილია, ტრანსფერი შემდეგი ფანჯრისას უნდა განხორციელდეს.
მინდა აღვნიშნო, რომ 19-წლამდე გუნდის გამორჩეული მოთამაშე პირდაპირ პირველ გუნდში გადადის. თუ ლუკა ''კარლსრუეში'' ზაფხულიდან ითამაშებს, მას 19-წლამდე გუნდში ყოფნა სრული ერთი სეზონი მოუწევს, გარემოსთან ადაპტირდება და პირველი გუნდისთვის მოემზადება.
სატრანსფერო ფანჯარა რომ გაიხსნება, კონტრაქტს ხელს მოაწერს, მაგრამ ფეხბურთში და ზოგადად ცხოვრებაში, ასპროცენტიანი არაფერია. ლუკა უნიჭიერესი ფეხბურთელია და მის მიმართ ინტერესი კიდევ ერთმა გერმანულმა კლუბმა გამოთქვა.
ყველაზე ცუდ ვარიანტში ლუკა ''კარლსრუეში'' ზაფხულში გადავა, თუმცა შესაძლოა ეს მანამდეც მოხდეს. კარგია, რომ ლუკას თებერვალი და მარტი სანაკრებო შეხვედრების გამო დატვირთული აქვს.
ევროპულ ფეხბურთში ხომ ისედაც ძალიან დიდი კონკურენციაა, რასაც თან ერთვის ბიუროკრატიული საკითხი, ქართველ ფეხბურთელებს არაევროკავშირელის სტატუსი აქვთ და ეს დიდი პრობლემაა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს. ნიჭიერება მოდის, მაგრამ გამოყენებაა საჭირო''.
შეგახსენებთ, 2007-12 წლებში ''კარლსრუეს'' შემადგენლობაში ალექსანდრე იაშვილი ასპარეზობდა. მან ამ გუნდის რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 153 მატჩში 27 გოლი შეაგდო და 26 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 2009-12 წლებში გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
მასალაში გამოყენებულია ''საბურთალოს'' პრესსამსახურის ფოტო