პროგრესი ''ჩაკვეს'' თამაშში - ჰამბურგმა კონკურენტს კიტელის დუბლით მოუგო
Aa
Aa

პროგრესი ''ჩაკვეს'' თამაშში - ჰამბურგმა კონკურენტს კიტელის დუბლით მოუგო

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში ''ჰამბურგმა'' შინ ''ჰაიდენჰაიმი'' 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სათადარიგოთა სკამზე გიორგი ჩაკვეტაძე იჯდა, თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. ეს მისი მეორე შეხვედრაა გერმანულ კლუბში, 21-ე ტურში ''დარმშტადტის'' წინააღმდეგ 78-ე წუთიდან ითამაშა, ახლა კი სათამაშო დრო გაუზარდეს.

64-ე წუთზე სონი კიტელმა ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც ''ჰამბურგის'' მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა პირველი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ''ჩაკვე'' გამოჩნდა. კრეატიული ქართველი შემტევი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, მან უშუალო კონკურენტი, გერმანიის 20-წლამდე ნაკრების შემტევი ფარიდე ალიდუ შეცვალა.

77-ე წუთზე სონი კიტელმა დუბლი შეასრულა, ''ჰამბურგის'' გამოკვეთილმა ლიდერმა პენალტი ზუსტად შეასრულა. თერთმეტმეტრიანი გამბიელმა ბაკერი ჯატამ გამოიმუშავა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მარჯვენა გარემარბად მოქმედებდა.

85-ე წუთზე ჩაკვეტაძე თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს, რის გამოც სტუმართა ფეხბურთელს, იონას ფიორენბახს ყვითელი ბარათი უჩვენეს.

''დარმშტადთან'' შეხვედრასთან შედარებით ჩაკვეტაძე ''ჰაიდენჰაიმთან'' უფრო სწრაფად და თამამად მოქმედებდა, მის განწყობაში მონდომება და თამაშში პროგრესი აშკარა იყო, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმისგან შორსაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მოედანზე 28 წუთი გაატარა. მისი პასების 89 პროცენტი ზუსტი იყო, მან 7 ორთაბრძოლა მოიგო, 2 დრიბლინგი შეასრულა და ორივე წარმატებული გამოვიდა. სტატისტიკაც მეტყველებს, რომ 22 წლის ნახევარმცველმა კარგი მატჩი ჩაატარა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ''ჰამბურგმა'' მეორე ადგილზე აინაცვლა და მესამეზე მყოფ ''დარმშტადტს'' 1 ქულით უსწრებს, თუმცა ''დარმშტადს'' ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხვალ ''ჰანოვერს'' შეხვდება, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: ''მამარდაშვილი დაბალ და მაღალ ბურთებზე კარგად მოქმედებდა''
AS: ''მამარდაშვილი დაბალ და მაღალ ბურთებზე კარგად მოქმედებდა''