1975 წლის 24 მარტს, მუჰამედ ალისთან გასამართ ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩაკ უეპნერმა თავის მეუღლეს საკმაოდ გამომწვევი ხალათი უსახსოვრა და უთხრა: „ძვირფასო, ამ საღამოს, საწოლში ეს ხალათი ჩაიცვი. საყვარელო, შენ მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელთან ერთად დაიძინებ“.
ალისთან ბრძოლის შემდეგ, რომელშიც უეპნერი მე-15 რაუნდში დაანოკაუტეს, სასტუმროს ოთახში შესულ ჩაკს მეუღლე ასეთი სიტყვებით შეეგება: „მე წავიდე ალის ოთახში, თუ ის მოვა ჩემთან“? მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზს სახეზე 23 ნაკერი დაადეს, მეუღლის სიტყვებმა მას ღიმილი მაინც მოჰგვარა. 23 ნაკერი ცოტაა არაა, მაგრამ 97-ით ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რომელიც უეპნერს სონი ლისტონთან დაპირისპირების შემდეგ დასჭირდა. ჩაკი სხვა რამის გამოც იღიმოდა. მან იცოდა, რომ არც თუ ისე წარმატებული კარიერის მიუხედავად, რომლის დროსაც საჩემპიონო ქამრები არ დაუსაკუთრებია, მაინც მოახერხა და კრივის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
ალიმ 1974 წელს, ჯორჯ ფორმანის დამარცხებით მოპოვებული საჩემპიონო ქამრები პირველად სწორედ უეპნერის წინააღმდეგ დაიცვა, თუმცა 1975 წლის 24 მარტს გამართული ბრძოლა Rumble in the Jungle-ისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. თანაც „რიჩფილდ კოლისეუმში“ ქომაგთა გაცილებით ნაკლები რაოდენობა შეიკრიბა, ვიდრე მაშინდელ ზაირში, მაგრამ ალისა და უეპნერის შერკინებას თავისი ხიბლი ნამდვილად ჰქონდა...
ფორმანისა და ალის ლეგენდარული ჯახის შემდეგ, უეპნერს ეგონა, რომ საჩემპიონო ქამრების დასაკუთრების შანსი არ მიეცემოდა, მაგრამ მოულოდნელად დონ კინგისგან საოცარი საჩუქარი მიიღო. საჩუქარი, რომელსაც თან 100 000-დოლარიანი ჰონორარი ახლდა. ჩხუბის სანაცვლოდ ალი 1.5 მილიონს იღებდა, თუმცა ამხელა განსხვავება ჩაკს დიდად არ ანაღვლებდა. უეპნერისთვის მთავარი სხვა რამ იყო. იგი თავისი კერპისა და ყველა დროის საუკეთესო მოკრივის წინააღმდეგ ჩხუბობდა. თანაც ბოლო ბრძოლის სანაცვლოდ სულ რაღაც 10 000 დოლარი ჰქონდა მიღებული.
ბრძოლამდე გარკვეული დროით ადრე, მან თავის მწვრთნელს, ალ ბრეივერმენს, რომელიც ამავდროულად მისი მენეჯერიც გახლდათ, განუცხადა, რომ ნერვიულობდა და უთხრა: „ალი კრივის მეფეა“. გაბრაზებულმა ბრევერმენმა თავის შეგირდს ასე უპასუხა: „შენ ბინძური კრივის მეფე ხარ. ორივეს სამეფო სისხლი გაქვთ“. ქომაგები და ექსპერტები ამბობდნენ, რომ უეპნერი ბრძოლას მხოლოდ ფულის გამო, დათანხმდა, მაგრამ ჩაკს პასუხი მათთვისაც ჰქონდა: „ფული არ მაინტერესებს! საჩემპიონო ქამრების დასაკუთრება მინდა“.
უეპნერის არავის სჯეროდა. ბუკმეიკერები ალის გამარჯვებაზე 1.01 კოეფიციენტს აძლევდნენ. საზოგადოებაში კი ბრძოლისადმი ინტერესი იმდენად დაბალი იყო, რომ ლეგენდარულმა მოკრივემ ჩაკის სთხოვა, პირდაპირ ეთერში მისთვის სიტყვა Ni**** ეწოდებინა. უეპნერმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა: „არ ვთვლიდი, რომ ამ ბრძოლას რასისტული სარჩული უნდა ჰქონოდა და ამას არ გავაკეთებდი. მოგვიანებით, ალიმ მითხრა, რომ ამის გამო უდიდეს პატივს მცემდა“, - იხსენებ უეპნერი.
ორთაბრძოლას 14847 ადამიანი დაესწრო. საწყისი 8 რაუნდის განმავლობაში ალი ერთობოდა და ქომაგთა გამხიარულებას ცდილობდა, რის გამოც რამდენიმე რაუნდის დათმობა მოუწია. მეცხრე რაუნდში კი სასწაული მოხდა და ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ყველა დროის საუკეთესო მოკრივე რინგზე დაეცა! მსაჯმა ნოკდაუნი დააფიქსირა, თუმცა ალი ამბობდა, რომ უეპნერმა მას ფეხზე დააბიჯა, ხელი ჰკრა და ამის გამო წაიქცა. ლეგენდარული მოკრივის პოზიცია ბევრმა გაიზიარა. უეპნერმა კი განაცხადა: „ფეხზე დავაბიჯე თუ არა უმნიშვნელოა. ალის კორპუსში ძლიერად დავარტყი და ამის გამო წაიქცა“.
ნოკდაუნის შემდეგ, ჩაკი მწვრთნელს მიუბრუნდა და უთხრა: „მანქანა დაძარი! ბანკში მივდივართ! მილიონერები გავხდებით“! ბრეივერმენმა კი თავის შეგირდს ასე უპასუხა: „სჯობს მიტრიალდე. ალი წამოდგა და გაბრაზებულია“.
ლეგენდარული მოკრივე გაბრაზებული კი არა - განრისხებული იყო. ნოკდაუნის შემდეგ, მან თავისი სიძლიერე გამოავლინა, დარჩენილი რაუნდების განმავლობაში დომინირებდა და ბრძოლის დასრულებამდე 19 წამით ადრე, ტექნიკური ნოკაუტი გაიფორმა.
მარცხის მიუხედავად, უეპნერი საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩა: „ჩემი მიღწევით ვამაყობ. მე პირველი მოკრივე გავხდი, რომელმაც ალი მაშინ ჩააგდო ნოკდაუნში, როცა ის საჩემპიონო ქამრებს ფლობდა“. უეპნერი არ ცდებოდა. მან კიდევ ერთ ისტორიულ შედეგს მიაღწია, მაგრამ მაშინ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჩარლზი ბოლო მოკრივეა, რომელმაც ალი ნოკდაუნში ჩააგდო.
უეპნერმა მეუღლესთან ზემოთ ხსენებული საუბრისას კიდევ ერთი ფრაზა გამოიყენა, რომელიც მის დამოკიდებულებას იდეალურად ასახავს: „თუ ვერ გავიმარჯვებ, მინდა დავამტკიცო, რომ უმაღლეს დონეზე ყოფნას ვიმსახურებ“. მან მიზანს მიაღწია. ბევრმა არ იცის, მაგრამ სილვესტერ სტალონეს „როკი ბალბოას“ პერსონაჟის შექმნა სწორედ უეპნერმა შთააგონა. ფილმში ჩარლზის მიერ მეუღლისთვის ნათქვამი ფრაზა რამდენჯერმე გამოყენებულიცაა.
2016 წელს, როცა ლეგენდარული მუჰამედ ალი გარდაიცვალა, უეპნერმა მას პატივი ასე მიაგო: „ის არამხოლოდ ყველა დროის საუკეთესო მოკრივე იყო, არამედ შესანიშნავი პიროვნება გახლდათ და ჩვენ კარგი მეგობრობა გვაკავშირებდა. ჩემთვის უდიდესი პატივია მის წინააღმდეგ ჩხუბის საშუალება რომ მომეცა. მეგონა, რომ ალი პარკინსონის დაავადებასაც დაამარცხებდა“...